დავით ბაქრაძე - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“
დავით ბაქრაძე - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ივანიშვილსაც კი რამდენჯერმე მოუწია იმის აღიარება, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს.

„ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, მის კანდიდატს. ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხედვა, რომ თურმე, ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას იმიტომ, რომ ჟურნალისტები სხვანაირად აწვდიან ინფორმაციას. ჩვენ რომ ერთი დღე ტელევიზორი სახლში გამოვრთოთ, თურმე დოლარი გახდება ორ ლარზე ნაკლები, გავიგონებთ აგუგუნებული ქარხნების ხმას, სახლში დავინახავთ გავსებულ მაცივარს. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ეს ეხება ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომელიც ივანიშვილისგან სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს ელოდებოდა. ექვსი წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას.

ჯადოსნური ოთხი წლის შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთ ჯადოსნურ ერთ წელს ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ ოთხ წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება ოპონენტების გაჩუმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.