დავით ბაქრაძე - ადამ კინზინგერის წერილის ძირითად სულისკვეთებას მთლიანად ვიზიარებთ
დავით ბაქრაძე - ადამ კინზინგერის წერილის ძირითად სულისკვეთებას მთლიანად ვიზიარებთ

კონგრესმენ ადამ კინზინგერის წერილის ძირითად სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა კონგრესმენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ადამ კინზინგერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

ბაქრაძის თქმით, წერილში ძირითადია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს.

დეპუტატის შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“.

„ამ წერილში ძირითადი გახლავთ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და ოპონენტების წინააღმდეგ დევნა და ოპოზიციის აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ეს არის საკითხები, რის გარანტიებსაც საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აძლევდნენ კონგრესმენებს. ამიტომ, ბურთი არის მთლიანად ხელისუფლების მოედანზე და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ,„ქართული ოცნება“. თუ „ქართული ოცნება“ წავა შეთანხმების მიმართულებით, პროცესი წავა სწორად, თუ „ქართული ოცნება“ იქ ვაშინგტონში დაჰპირდება ამ ყველაფერს და აქ საქართველოში გააგრძელებს იმით, რომ ოპოზიციას არ შეუთანხმდება საარჩევნო გარემოზე, რა თქმა უნდა, მას დაეკისრება ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ახლა საუბარი იქნება არა მხოლოდ პირველ გადაგდებაზე, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა, არამედ საუბარი იქნება კონკრეტულ ტყუილებზე, რომლითაც საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ „დაამშვიდეს“ კონგრესმენები ვიზიტის დროს. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ნაბიჯებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას აქვეყნებს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ თალაკვაძესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა და მის ძალისხმევას აფასებს. ამასთან, ადამ კინზინგერი წერს, რომ როდესაც თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს, ასევე საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში.