დავით ასათიანი - იქმნება რეპრესირებულ ადვოკატთა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირთა რეაბილიტაციის დროებითი ფორუმი
დავით ასათიანი - იქმნება რეპრესირებულ ადვოკატთა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირთა რეაბილიტაციის დროებითი ფორუმი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, დავით ასათიანის განცხადებით, იქმნება რეპრესირებულ ადვოკატთა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირთა რეაბილიტაციის დროებითი ფორუმი, კომისია, რომელიც ობიექტურად შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს.

დავით ასათიანმა აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ადვოკატთა ასოციაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას უკავშირდება და მიზნად ისახავს იმ ღონისძიებების მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

ასათიანის თქმით, საუბარია 165 მსჯავრდებულ ადვოკატზე, დასჯილ უფლებადამცველზე, საიდანც 48 ადვოკატი ქალია.

„უმრავლესობა დასჯილია პროფესიული თავდადებისათვის, კლიენტის ერთგულებისთვის, ადამიანის უფლებების უკომპრომისო დაცვისთვის. ეს არის 2005-2012 წლების დაუჯერებელი სტატისტიკა. ერთი შეხედვით მშრალი ციფრები, მაგრამ ციფრები რომლის უკანაც იმალება პატიმრობის უმძიმესი წლები, დანგრეული კარიერა და უსამართლობის საშინელი განცდა“, – განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობდა კოლეგების სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. შესაბამისად, ევროპელმა კოლეგებმა დააფიქსირეს შეშფოთება და გააკეთეს განცხადება, რომ საქართველოში ადვოკატის პროფესია განეკუთვნება რისკის სფეროს.

„ამას მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი მოწოდება – შეწყდეს ადვოკატის პროფესიის დესტაბილიზაცია, გადაიხედოს ადვოკატთა საქმეები, მოხდეს მათი გათავისუფლება და მთავარი გამარჯვება – ამ უმძიმეს პირობებში, ადვოკატთა კორპუსმა შეინარჩუნა ერთიანობა და დამოუკიდებლობა, რითაც ადვოკატის ინსტიტუტი გადარჩა“ , – განაცხადა დავით ასათიანმა.

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.