დაუმეგობრდით ბურთს და ისიც დაგიმეგობრებთ - ნიკოლოზ ცქიტიშვილი კასპის საკალათბურთო დარბაზს ესტუმრა [ვიდეო] #1TVSPORT
კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში სპორტის ამ სახეობის განვითარების მიმართულებით. ამჯერად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და NBA-ის ყოფილი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შალვა ონიანთან ერთად კასპს ესტუმრა.
საკალათბურთო დარბაზში, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი, სტუმრები მოზარდ კალათბურთელებს შეხვდნენ, რომლებსაც ნიკა ცქიტიშვილი სროლაშიც გაეჯიბრა, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და ბავშვების შეკითხვებსაც გულახდილად უპასუხა.
„ყველას გინდათ დიდი კალათბურთელობა. ეს შესაძლებელია. ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, NBA-ში ექვსმა ქართველმა ვითამაშეთ. მიზნის მისაღწევად კი დიდი შრომა და სიყვარულია საჭირო – კალათბურთის ბურთი მუდამ ხელთ გქონდეთ, დაიმეგობრეთ და ისიც დაგიმეგობრებთ, დაგიფასებთ შრომას და მიაღწევთ დასახულ მიზანს“, – ასეთი იყო ცქიტიშვილის რჩევა, რომელიც 2002 წლის NBA-ის დრაფტზე მე-5 ნომრად „დენვერ ნაგეტსმა“ აირჩია.
კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები კასპის მერს, ვახტანგ მაისურაძეს შეხვდნენ და რაიონში კალათბურთის მეტ პოპულარიზაციასა და განვითარების გზებზე ისაუბრეს.