დათო ტურაშვილი - ამ ქვეყანაში ყველა იგინება, ზვიად რატიანიც, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რამდენიმე პოლიციელმა ცემოს ზვიად რატიანი
დათო ტურაშვილი - ამ ქვეყანაში ყველა იგინება, ზვიად რატიანიც, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რამდენიმე პოლიციელმა ცემოს ზვიად რატიანი

მწერლებმა, გამომცემლებმა და საქართველოს პენ-ცენტრის წარმომადგენლებმა პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ადამიანი უმოწყალოდ არის ნაცემი. მას მძიმე ფორმის ტვინის შერყევა აქვს და კიდევ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის თურმე იგინებოდა. პოლიციის ფუნქცია არ არის იმის გაკონტროლება რა გვაცვია. ჩვენ არ გვყავს ზნეობრივი პოლიცია”,- აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.

მწერლები იმ ვიდეომასალის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც, მათი მტკიცებით, ზვიად რატიანის ცემის ფაქტებს ასახავს.

„ზვიად რატიანი ცნობილი ადამიანია, წარმოიდგინეთ როგორ ექცევიან უცნობ ადამიანებს. მოვითხოვთ გვაჩვენონ ის 8 კაცი, რომლებმაც ზვიად რატიანზე იძალადეს” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

“კრიმინალთან ბრძოლას ჭირდება განათლება, გონიერება, ლოგიკა და არა რეიდები. ფაქტია, რომ დღეს პოლიციაში არის უამრავი არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური, სრულიად გაუნათლებელი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ადამიანის უფლებები. არშემდგად ძველ ბიჭებს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაჩაგრონ, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ. ამის მსხვერპლია ზვიად რატიანი. ზვიად რატიანი ცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ადვილად დასაჩაგრი, ისეთი ფერის ქურთუკი ეცვა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია სანადიროდ ჰყავთ გამოშვებული. ჩვენ გვეგონა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ჩავაბარეთ წარსულს. სამწუხაროდ, მერამდენე ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ვერ მოვახერხეთ, რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანი, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რომ გაემიჯნონ საბჭოურ წარსულს. კრიმინალთან ბრძოლას კრიმინალური გზებით არ მოაქვს არანაირი შედეგი. როცა პოლიციელი არის არშემდგარი ძველი ბიჭი, ის საშიშია საზოგადოებისთვის. გამორიცხულია, ჩვენ შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ადამიანი იჩაგრება. სრულიად ფუჭია მცდელობა ხელისუფლების, რომ გვაჩვენონ ფირები გინებისა. დიახ, ამ ქვეყანაში ყველა იგინება, მათ შორის ზვიად რატიანიც, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რამდენიმე პოლიციელმა ცემოს ზვიად რატიანი ან საქართველოს სხვა მოქალაქე”, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი განცხადება გაკეთდა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.

მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალა მძიმე საყურებელია და სურვილის შემთხვევაში უწყება მზადაა რატიანს აღნიშნული მასალა გააცნოს.