დასავლეთ გერმანიაში ეკოაქტივისტებმა ქვანახშირის ელექტროსადგური დაიკავეს
დასავლეთ გერმანიაში ეკოაქტივისტებმა ქვანახშირის ელექტროსადგური დაიკავეს

დასავლეთ გერმანიაში ეკოაქტივისტებმა ქვანახშირის ელექტროსადგური დაიკავეს, რომლის ამუშავება მიმდინარე წელს იგეგმება. დემონსტრანტები მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, გერმანია განახლებად ენერგეტიკაზე 2038 წლიდან გადავა.

100-მდე ადამიანი ელექტროსადგურ „დატელნ-4“-ის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„კლიმატური კრიზისის გათვალისწინებით, ახალი ელექტროსადგურის ამუშავება დანაშაულს წარმოადგენს. სამართალდარღვევების ჩამდენი არა კლიმატური აქტივისტები, არამედ წიაღისეულზე დაფუძნებული მრეწველობა და მისი პოლიტიკური მოკავშირეები არიან“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორი ეკოლოგიური მოძრაობის განცხადებაში.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქვანახშირის ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვა. რამდენიმე აქტივისტი კი პოლიციამ გაიყვანა.