დასაევი ჯიქიას კანდიდატურას ემხრობა - ჩემთვის გიორგი რუსეთის ნაკრების კაპიტნობის მთავარი პრეტენდენტია #1TVSPORT
ცნობილმა მეკარემ, რინატ დასაევმა მოსაზრება გამოთქვა რუსეთის ნაკრების ახალი კაპიტნის შესახებ და განაცხადა, რომ საუკეთესო კანდიდატად წარმოშობით ქართველი მცველი, მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი გიორგი ჯიქია წარმოუდგენია.
„ჩემი აზრით, გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში კაპიტნის სამკლაურის ტარების მთავარი პრეტენდენტია. ჯიქია იყო წინა გუნდის ვიცე-კაპიტანი, ახლა ის არის „სპარტაკის“ კაპიტანი და ვფიქრობ, რომ ის მზადაა, რუსეთის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი კაპიტანი გახდეს“, – განაცხადა დასაევმა.
ცნობილმა რუსმა მეკარემ 27 წლის მცველის თვისებებზე ილაპარაკა:
„გიორგი ყველა ფეხბურთელს კარგად იცნობს და სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეროვნული ნაკრების კაპიტანს ეკისრება. ის გამოცდილი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ, გუნდს აუცილებლად აიყოლიებს. ჯიქია ახალი გუნდის მოტორი იქნება“, – თქვა დასაევმა Sport24– თან ინტერვიუში.
რინატ დასაევი „სპარტაკის“ ყველაზე ცნობილი მეკარეა. ის გუნდში 1978-1988 წლებში თამაშობდა და „სპარტაკის“ ფორმა 425-ჯერ მოირგო. იყო სსრკ ჩემპიონი (1979 და 1987), ექვსჯერ დასახელდა სსრკ-ს წლის საუკეთესო მეკარედ (1980, 1982, 1983, 1985, 1987, 1988), ხოლო 1982 წელს – ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.
ამავე დროს, 1988 წელს დასაევი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა სსრკ -ს ნაკრებში, სადაც 91 მატჩი ჩაატარა. 1988 წელს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს და მისი სიტყვა რუსეთში ფასობს.
რუსეთის ნაკრებში ახალი კაპიტნის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე არტიომ ძიუბა არ გამოიძახა.