დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტი „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.
ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
საკანონმდებლო პაკეტი 32 კანონპროექტისგან შედგება, თავად „საბაჟო კოდექსი“ კი 33 თავისა და 214 მუხლისგან.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს გაამარტივებს და მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნის.