დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ივანე მაჭავარიანი კომიტეტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარა.

ფრაქციის წევრების ძირითადი კითხვები ტელეკომპანიების „რუსთავი ორის“, „იმედისა“ და „მაესტროს“ სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ 2017 წელს შეტანილ კანონპროექტსა და სიგარეტის აქციზთან დაკავშირებულ თემას ეხება.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს არათანმიმდევრული ფინანსური პოლიტიკა აქვს, რაზეც, მისივე თქმით, ქვეყნის პირველ ფინანსისტს პასუხების გაცემა მოუწევს.

„პირველი სამი საკითხი, რომლებზეც ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ მინისტრს, დაკავშირებული იყო 100 მილიონი დღგ-ის გაქრობასთან, ტელევიზიების დღგ-ის გადასახადებთან და აზარტული თამაშების დაბეგვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აუცილებლად დავაყენებთ სიგარეტის აქციზთან დაკავშირებულ საკითხს და თუ ფორმატი მოგვცემს საშუალებას, სხვა თემებსაც წამოვწევთ. ამ საკითხებს აერთიანებს ერთი საერთო პრინციპი, ფინანსთა სამინისტროს არ აქვს თანმიმდევრული ფინანსური პოლიტიკა და პრაქტიკულად თავისი პოლიტიკით ის პირდაპირ ჯიბეში უყოფს ხალხს ხელს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს აზარალებს ფინანსურად. აი, ამ კონტექსტში, მთლიანად ფინანსური პოლიტიკის კონტექსტში მინისტრს მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებისგან“ განსხვავებით, მინისტრის მიმართ კითხვები არ ექნებათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით, 20 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცა.

„ბატონმა მინისტრმა სესიაზე ძალიან ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც იქ იყო, ამიტომ არ მგონია, თვითონ ჩვენ რაიმე შეკითხვა გვქონდეს, მაგრამ ვინც მოიწვია, მათთვის, იმედია, იქნება ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ და კომიტეტის სხდომას არ დაესწრებიან ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.