დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე გადაცემების, რადიოს დაფარვის უპრეცედენტო ზრდის, ტექნიკის შესყიდვის, საერთაშორისო პროექტების, ტელეფილმების და არხზე მიმდინარე სხვა პროექტების და გეგმების შესახებ. ასევე ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

ირინა ფუტკარაძემ ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის და მისი შესრულების შესახებაც მიაწოდა. ანგარიშის მოსმენის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უერთდება იმ დადებით შეფასებებს, რაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით გამოითქვა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს დეპუტატებმა მადლობა აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიისთვისაც გადაუხადეს. საქართველოს პირველი არხი, როგორც უსაფრთხო მედია, 2020 წლიდან ეთერში აღარ ათავსებს სათამაშო ბიზნესის რეკლამას.

პარლამენტის წევრებმა ანგარიშის მოსმენის შემდეგ ბორდის თავმჯდომარეს შეკითხვები დაუსვეს ტექნიკური გადაიარაღების გეგმასთან დაკავშირებითაც, რომლის განსახორციელებლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომერციული ბანკისაგან 45 მილიონი ლარის მოცულობის კრედიტი აიღო.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განცხადა, ამ ეტაპისთვის ჩატარებულია 13 ტენდერი და დახარჯულია 6,5 მილიონი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 16 მილიონი ლარის სამი ტენდერი, რაც დიდი ნაწილია ტექნიკური გადაიარაღების გეგმის, მოძრავი სატელევიზიო სადგურის გარეშე.

„აღნიშნული ტენდერები უნდა დასრულებულიყო 2019 წელს, თუმცა იყო რიგი ობიექტური მიზეზებისა, რის გამოც ეს ვერ მოხდა. 2019 წლის მაისში დაიწყო ერთ-ერთი მსხვილი ტენდერი 28 მილიონი ლარის მოცულობის, რომელიც არაერთხელ იქნა გასაჩივრებული. ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდებაც იყო, თუმცა საბოლოო ჯამში შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამარჯვებულ კომპანიას მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ამის შემდგომ მოხდა გადაწყობა ახალი რეალობის მიხედვით. უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობაზეც გამოცხადდება ტენდერი“,- აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.