დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდაზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესომბუდსმენის უფლებების გაზრდაზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ მოამზადეს.
ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენი იღებს სასამართლოს მეგობრის სტატუსს, რაც მას საშუალებას აძლევს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს სასამართლო სისტემას. ეკა ბესელია ამ ინიციატივას მართლმსაჯულების პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ამ ცვლილების მიზანია, დაეხმაროს ბიზნესომბუდსმენს სასამართლოს მეგობრის როლში, სტატუსში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. შესაძლებელია მისი ან მის მიერ მოწვეული ექსპერტების კომპეტენტური აზრი სასამართლოში მხარეს წაადგეს. ანუ ეს არის იდეა, რომლითაც ჩვენ გვინდა, რომ მართლმსაჯულების პროცესში კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი იმ შესაძლებლობას, რომლითაც გაჩნდება ალტერნატიული მოსაზრებები, რომლითაც სასამართლოს მეტი შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ბევრი სხვადასხვა პოზიცია, რათა გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.