დარჩენილი შეხვედრებისთვის ძალები მოიკრიბეთ - გულშემატკივრებმა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მიმართეს #1TVSPORT
დარჩენილი შეხვედრებისთვის ძალები მოიკრიბეთ - გულშემატკივრებმა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მიმართეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებმა, „შავი ზღვის მეკობრეებმა“ გუნდის წევრებს მიმართეს და ეროვნული ლიგის დარჩენილ 5 ტურში მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდეს.

„ბოლო ორ შეხვედრაში დასანანი ქულები დავკარგეთ და მეტოქემ ჩამორჩენა ცოტათი შეგვიმცირა. დანამდვილებით ვიცით და გვჯერა, რომ წარუმატებელ მატჩებსა და შედეგებს თანაბრად განვიცდით, თუმცა ახლა ხელების ჩამოშვების, ყურების ჩამოყრისა და განცდების დრო არ არის. გვინდა, რომ კარგად გაითავისოთ ის პასუხისმგებლობა და ისტორიული შანსი, რომელიც ასე ძალიან ახლოს არის. შანსი გვაქვს, კლუბის ახალი ისტორია ერთად, გუნდურად გადავწეროთ“, – წერია „პირატებისმიმართავში.

ბათუმელი გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ ჩემპიონობას მათი საყვარელი გუნდი ყველაზე მეტად იმსახურებს.

„2021 წელს, საქართველოს ჩემპიონობა და თასი ისე არავის ეკუთვნის, როგორც ბათუმს. დიახ, ბათუმსა და „დინამოს“ – ჩვენ ეს სიხარული დავიმსახურეთ. შესაბამისად, გადადეთ თავები, მოიკრიბეთ ძალები, კონცენტრირება მხოლოდ დარჩენილ შეხვედრებზე მოახდინეთ და „პირატები“ პირობას გაძლევთ, რომ 2021 წლის საფეხბურთო დასასრული, თქვენ, ბათუმს, აჭარასა და საქართველოს არასოდეს დაავიწყდება“.

საქმე ისაა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ბათუმელებმა ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 30-ე ტურში საშინაო არენაზე კონკურენტ „დინამო თბილისთან“ ფრედ (1:1) ითამაშეს, ხოლო 31-ე ტურში „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ 10-კაციან აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგეს (0:1). ამით „დინამო თბილისმა“ ისარგებლა და ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.