დარასელიას სახელობის თასის ფინალისტები ცნობილია - თბილისის „დინამო" „ემპოლის" წინააღმდეგ
დარასელიას სახელობის თასის ფინალისტები ცნობილია - თბილისის „დინამო" „ემპოლის" წინააღმდეგ

ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თბილისის „დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიისა და „ემპოლის“ 15-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.

ანგარიში პირველ ტაიმში ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა. იტალიელებმა მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინეს და ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც იტალიელებმა უკეთ შეასრულეს (4:2) და დარასელიას თასის ფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალში თბილისის „დინამო“ ჰოლანდიურ როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. მე-15 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში საბა გეგიაძემ გახსნა. 29-ე წუთზე გიგი აბუაშვილი რამდენიმე მცველს გაცდა და საჯარიმოს სიახლოვიდან ჰოლანდიელთა კარი მეორედ აიღო 2:0.

მეორე ტაიმის 39-ე წუთზე (ტაიმები 35-წუთიანია) როტერდამელებმა სხვაობა შეამცირეს. მაგრამ 49-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით თბილისელები ისევ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა 3:1. 59-ე წუთზე კი, გეგიაძის შესანიშნავი სოლო-რეიდის შემდეგ მეტოქის კარი მეოთხედ ჯადული იობაშვილმა აიღო 4:1, ხოლო 69-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ლევან კობახიძემ დააფიქსირა 5:1 „დინამოს” სასარგებლოდ.

ამგვარად, ფინალში თბილისის „დინამო“ და იტალიური „ემპოლი“ ითამაშებენ, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ და ეს მატჩი თბილისელებმა 1:0 მოიგეს. მესამე-მეოთხე ადგილისთვის „ფეიენოორდისა“ და სფფ-ს აკადემიის მატჩი „დინამოს“ აკადემიის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო „დინამო“-„ემპოლის“ ფინალი – 17:00 საათზე.