დაპირისპირება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რომელსაც დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მოკვლევის საფუძველზე საინფორმაციო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება შეუჩერა. შესაბამისად, ის საინფორმაციო გადაცემას არ წაიყვანს.

მოკვლევა დღეს მომხდარი ინციდენტის გამო დაიწყო, როდესაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი აბაზაძეს ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ, ნახევარ საათში აბაზაძე ცუდად გახდა და სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

აქციის მონაწილე ჟურნალისტები ამბობენ, რომ მენეჯმენტი მიზეზებს ეძებს და კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას აპირებს.

„თეონა ბაკურიძის გათავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი, კრიტიკული ჟურნალისტები, რომლებიც არ მოსწონდა „ქართულ ოცნებას“, ჩამოშორებული ვიქნებით და ეტაპობრივად შეცვლიან სარედაქციო პოლიტიკას“, – ამბობს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.

ტელევიზიის ჟურნალისტები, რომლებმაც თეონა ბაკურიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, გაფიცვისთვის ემზადებიან.

ჟურნალისტების პარალელურად, აქცია გამართა ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კლინიკაში მყოფ გიორგი აბაზაძეს. ისინი ამბობენ, რომ აბაზაძის მიმართ ჟურნალისტების მხრიდან სამსახურებრივი ბულინგი განხორციელდა.

„სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგის, არ შეიძლება თანამშრომელი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო. არც ერთი თანამდებობა და ღირებულება არ ღირს ადამიანის ჯანმრთელობად“, – განაცხადა აქციის მონაწილე ლამარა ბერიძემ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.