აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე კლინიკაში გადაიყვანეს
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი აბაზაძესა და ჟურნალისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტელევიზიაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და გიორგი აბაზაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, შეხვედრაზე ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ, მაგრამ სასწრაფო დახმარების გამოძახება აბაზაძეს დაპირისპირებიდან ნახევარი საათის შემდეგ დასჭირდა.

„რა თქმა უნდა, გვქონდა ხმამაღალი საუბარი, ჩვენ დავუსვით მას შეკითხვები, გვაინტერესებდა, რატომ დათანხმდა იმ თანამდებობაზე დანიშვნას, რისი კომპეტენცია და გამოცდილებაც არ ჰქონდა. ახალ მენეჯმენტს უნდა დაგვაბრალოს, თითქოს ჩვენს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენგან აბაზაძე კანცელარიაში ავიდა და ნახევარ საათში გახდა ცუდად. ეჭვი მაქვს, რომ აბაზაძე ზეწოლის ქვეშა არის, მას უნდა წასვლა, მაგრამ მენეჯმენტი ამის უფლებას აღარ აძლევს“, – განაცხადა ჟურნალისტმა, თეონა ბაკურიძემ.

საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, ადგილი აქვს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების მხრიდან ორგანიზაციულ დაუმორჩილებლობას.

„რაც ხდება საინფორმაციო სამსახურში, ეს არის ორგანიზაციული დაუმორჩილებლობა, ამას არ აქვს საერთო სარედაქციო დამოუკიდებლობასთან, ისინი არ მაძლევენ მუშაობის საშუალებას არც მე და არც გიორგი აბაზაძეს. მე სახალხო დამცველს მოვუწოდებ რეაგირებისკენ“, – ამბობს ფირუზ ბოლქვაძე.