დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იდეალურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ვხედავ, როგორ დებს მოედანზე თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს #1TVSPORT
დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - იდეალურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ვხედავ, როგორ დებს მოედანზე თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს #1TVSPORT

ევრო 2020-ის მერვედფინალების პირველი შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა, სადაც დანიის ნაკრებმა უელსი დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ისაუბრა.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს რეალურად ხდება. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დანიელს, რომლებიც აქ იყვნენ, მადლობელი ვარ, მათი მხარდაჭერისთვის, მხოლოდ ამ მატჩზე არა, სხვა თამაშებზეც. აღფრთოვანებული ვარ ბიჭებით, იმით, თუ როგორ თამაშობენ, როგორ იბრძვიან ნებისმიერ მეტოქესთან. ძალიან მოქნილები, მოძრავები ვართ, ვიცით, რომ იდეალურად არ ვთამაშობთ და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ და ეს გამოგვდის.“

კასპერ ჰიულმანდმ იოჰან კრუიფსა და კრისტიან ერიკსენზე ილაპარაკა.

„ამსტერდამი ჩემთვის განსაკუთრებულია. იოჰან კრუიფი ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია იყო. აქ ითამაშა 16 წლის ასაკში თავისი პირველი შეხვედრა, დანიის გარეთ, კრისტიან ერიკსენმა და ვგრძნობდით, რომ ის ჩვენთან იყო. ვისურვებდი, რომ ეს სინამდვილეშიც ასე ყოფილიყო… ამ სტადიონს თავის სახლად თვლის კასპერ დოლბერგიც, რომელმაც 2 გოლი გაიტანა.“

დანიის მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ისევ მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს და ბიჭებს, რომლებიც ნამდვილი მებრძოლები არიან. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ. განწყობა ოპტიმისტური გვქონდა, ვთამაშობდით ერთმანეთისთვის, როგორც შეკრული გუნდი. როდესაც კრისტიანის (ერიკსენის) ინციდენტი მოხდა, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ვიგრძენი, რომ სრულიად სხვა მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვიმეორებ, უზომოდ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ასე გვჭირდებოდა და მივიღეთ იმ მომენტში. ჩვენთვის მაშინ აუცილებელი იყო სიყვარული და თანადგომა, ამან ფრთები შეგვასხა. იდეალურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ვხედავ, როგორ დებს მოედანზე თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს, რაც აქვს. ამას აღფრთოვანებაში მოვყავარ. მეოთხედფინალში გასვლა შესანიშნავი რამ არის. ახლა უნდა შევგროვდეთ და ისევ შევუტიოთ.“