სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილიდან ლიკვიდირებულ პირთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაღუპულთა ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

დაკავებულია ერთი პირი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.