დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ლიეტუველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ტრაგიკული შემთხვევის ფონზე, პრეზიდენტმა მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს სიძლიერე და სიმტკიცე უსურვა, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, – ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.