დაკავებული პოლიციელი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს
დაკავებული პოლიციელი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს

დაკავებული პოლიციელი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს, – ამის შესახებ პირველ არხს ფოთის ცენტრალური კლუნიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში სტაციონარული მკურნალობა სჭირდება.

პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი კლინიკაში სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.