მედიის ცნობით, დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს ემუქრება
მედიის ცნობით, დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს ემუქრება

დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს ბრძოლის გაგრძელებით და „პალესტინის გათავისუფლებით“ დაემუქრა.

როგორც რადიკალი ისლამისტების დაჯგუფების ლიდერმა ხადერ ჰაბიბმა განაცხადა, ისრაელის პრემიერს „საფასურის გადახდა მოუწევს“.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ისრაელს, მის შეშლილ პრემიერ-მინისტრს საფასურის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჰაბიბმა. მის კომენტარს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

12 ნოემბრის ღამეს ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე. სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა იყო, რომელიც ლიკვიდირებულია.

„ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის ქალაქებში რაკეტის განგაშის სიგნალები ადგილობრივი დროით დილის ექვს საათზე ჩაირთო. რამდენიმე რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.