დაძაბული მატჩების მოლოდინში - ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი გაიხსნა #1TVSPORT
თბილისის ჭადრაის სასახლეში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი დაიწყო. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურნირია და წლეულს 78-ედ იმართება. ქალთა ჩემპიონატში 10 მონაწილეა, რომლებიც მთავარ ჯილდოს წრიული სისტემით ცხრა ტურად გაითამაშებენ. საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია.
პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა ლომინაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო მაისურაძე, რომელმაც სიმბოლურად პირველი სვლა გააკეთა.
„წლეულს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე თამაშობს, ნანა ძაგნიძის გარდა. ამიტომ, დაძაბულ და საინტერესო ჩემპიონატს ველოდები. იმედი მაქვს, რომ შარშანდელ შედეგს გავაუმჯობესებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საერთაშორისო დიდოსტატმა, მერი არაბიძემ.
სოსო გიორგაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: „სამინისტრო მხარს უჭერს ღონისძიებას და საპრიზო ფონდი, 25 ათასი ლარი გამოყო, რადგან ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა ქვეყანას ბევრი წარმატება მოუტანეს და მათი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
გია გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: „ყველას მოეხსენება, საქართველოს ქალთა ჭადრაკი რამდენად მნიშვნელოვანია. ველოდებით საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებს ჩემპიონთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეების გამოვლენას, ასევე, ნაკრების კანდიდატების დასახელებას. ასე რომ, მრავალმხრივ დატვირთული ღონისძიებაა“.