დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი დელტაა
დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი დელტაა

დუდუ დადიანის მემორიალზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ა“ ჯგუფიდან სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება ორი ტურით ადრე თბილისის „დელტამ“ გაინაღდა. გუნდმა, რომელმაც გასულ სუპერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა, ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე დადიანის თასზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი დღით ადრე ყველასთვის მიუწვდომელი გახდა. მეორე ჯგუფში კი ფავორიტი გამოიკვეთა – „ქუთაისს“ ორიდან ორი მოგება აქვს. ქუთაისურ კლუბთან ერთად ჯგუფიდან გასვლელად „შსს აკადემია-ტიტები“, „მგზავრები“ და „ოლიმპი“ იბრძვიან.

დელტა – თსუ-ჰიუნდაი 73:63

ჯგუფში, სადაც „დინამო“, „რუსთავი“, „თსუ-ჰიუნდაი“ და „ბათუმია“, პირველი ადგილი მეხუთე წევრმა – „დელტამ“ მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნახსენები მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში კიდევ ორი ტურია დარჩენილი. ამ ორი ტურიდან „დელტა“ ერთში ისვენებს, ხოლო ერთი მატჩი „ბათუმთან“ დარჩა, რომლის წაგების შემთხვევაშიც კი ჯგუფში პირველ ადგილზე გადის.

„დელტამ“ ჯგუფიდან გასვლა „თსუ – ჰიუნდაისთან“ გამარჯვების შემდეგ გაინაღდა. ორივე გუნდი დაუმარცხებელი გახლდათ და ბოლო წუთებამდე საკმაოდ თანაბარი, დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. კვანძი ბოლოს გაიხსნა, როცა „დელტას“ ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია და ლაფანაშვილის გუნდი მიუწვდომელი გახდა. გამარჯვებაში მთელმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა, ბოლო წუთებზე კი განსაკუთრებით ამერიკელმა ლეგიონერებმა – რობ ბრანდენბერგმა და მალკოლმ დრამრაითმა იყოჩაღეს, რომელმაც სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით აიკლეს თსუ-ჰიუნდაელთა კალათი. გამოსარჩევია ბექა ბექაურის გარჯაც, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

ბათუმი – დინამო 72:88

დადიანის მემორიალზე პირველი უთანასწორო მატჩი ეს გამოდგა. ორი მატჩის წამგებმა „დინამომ“ საკუთარი თამაში იპოვა და მეტოქეს ისე სძლია, წინააღმდეგობას ფაქტობრივად არ წასწყდომია. მეტ-ნაკლებად დაძაბული გამოდგა პირველი პერიოდი, რომელიც დინამოელებმა 5 ქულით მოიგეს, მეორე მეოთხედიდან კი დადიანის თასის მოქმედმა მფლობელმა სოლიდური უპირატესობა რომ მოიპოვა, მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. სამწუხაროდ, ორივე გუნდს ფინალში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებს მომავალი სუპერლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

კაკტუსი – ქუთაისი 64:104

საბოლოო ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ მატჩის სადავეებს მთლიანად ქუთაისელები ფლობდნენ და მეტოქეს ისე იოლად მოუგეს, პრობლება წამითაც არ შექმნიათ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფი „კაკტუსი“ 40 ქულით დაამარცხა. არჩილ ჟღენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და „კაკტუსს“ მემორიალის საწყის მატჩებში ვერ გაუძღვა – გუნდმაც ორი მატჩი ბოლო წამებზე წააგო, დღეს კი „ქუთაისთან“” შეხვედრა უიმედოდ დათმო.

პირველი პერიოდი იმერულმა კლუბმა 27:14 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 24 ქულით იგებდა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა და „ქუთაისი“ ტურნირზე მეორე გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა. ქუთაისელებს 21 ქულით გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 20 ქულითა და 8 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერეს.

ოლიმპი – შსს აკადემია-ტიტები 77:87

სუპერლიგის დებიუტანტი „შსს აკადემია-ტიტები“ თამაშიდან თამაშამდე უმატებს. დავით უსტიაშვილის გუნდმა დღეს „ოლიმპს“ 10 ქულით მოუგო და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს. მატჩის უმეტეს დროს „ტიტები“ ლიდერობდნენ, „ოლიმპი“ კი წამოწევას ცდილობდა. ეს რამდენჯერმე მოახერხეს კიდეც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე ჟოელ ალმეიდა და მისი თანაგუნდელები იდგნენ. კაპოვერდელმა ლეგიონერმა საბოლოოდ 30 ქულა მიითვალა და „შსს აკადემია-ტიტებს“ გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

დარჩენილ ორ ტურში „ბ“ ჯგუფში გადამწყვეტი მატჩები გაიმართება.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE