დადიანების სასახლეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ
დადიანების სასახლეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები, კახა კვარაცხელია და მამუკა ცირდავა პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, დადიანების სასახლის ეზოში სეირნობდნენ, რა დროსაც მათ მეგობარს გელა კვარაცხელიას უცხო პირებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.

მათი თქმით, ისინი „ქართული ოცნების” აქტივისტები არ არიან და მათი გაღიზიანება გამოიწვია სანდრა რულოვსის განცხადებებმა, რაც საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.

კვარაცხელია და ცირდავა ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებაში თავიანთი სურვილით მოვიდნენ, რადგან მათი თანამებრძოლი დააკავეს.

„თუ არსებობს ჩვენს მიმართ კითხვები, მზად ვართ პასუხები გავცეთ,” – აცხადებენ ისინი.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.