დაჩი ბერაია - პროცესებმა დაგვანახა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო შეცდომა, რომელიც გამოსასწორებელია
დაჩი ბერაია - პროცესებმა დაგვანახა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო შეცდომა, რომელიც გამოსასწორებელია

მე დავტოვებ უმრავლესობასაც და მანდატსაც თუ ამის წინააღმდეგ მომიწევს წასვლა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა არის რამდენიმე რისკის შემცველი.

„არის რამდენიმე ფაქტორი, თვითონ ირაკლი კობახიძემაც ბრძანა, რომ ამ სისტემას აქვს რამდენიმე რისკი და ერთადერთი იმედი, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ეს არის პარტიის მხრიდან გამოვლენილი მაღალი პოლიტიკური კულტურა. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე განშტოება გამოავლენს მაღალ პოლიტიკურ კულტურას. დავტოვებ უმრავლესობასაც და მანდატსაც თუ ამის წინააღმდეგ მომიწევს წასლა. ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი ამ პროექტის, თუმცა გუშინ მთელი დღე „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ ეს მათ გაგვაკეთებინეს. ეს იყო ერთგვარი კომპრომისი და ეს მათ არ გაგვაკეთებინეს. 2012 წლის არჩევნებამდე, როდესაც „ნაციონალურ მოძრობას“ ხელში ეჭირა ყველანაირი ბერკეტი, მემუქრებოდნენ დაჭერით, მაშინ ვერ გამაკეთებინეს ვერაფერი და ახლა უკაცრავად, „ნაციონალურ მოძრაობა“ ვერ გვაკეთებინებს“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტაბილურობისკენ გადადგმული ერთგვარი ნაბიჯი იყო.

„როდესაც ხელს ვაწერდი, არ ვაპირებდი გადაწყვეტილების შეცვლას, ეს იყო სტაბილურობისკენ გადადგმული ერთგვარი ნაბიჯი, ერთგვარ კომპრომისზე მივდიოდით. ეს იყო საერთო გადაწყვეტილება, თუმცა თვეების განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ეს იყო შეცდომა და ეს არის გამოსასწორებელი. მოვლენები, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტთან, მოვლენები, რომელიც მიმდინარეობდა საპატრიარქოში, თუნდაც გუშინდელი სხდომა, მთელი ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ არანაირ პოლიტიკურ კულტურაზე არ არის საუბარი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ის მიიჩნევს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება იქნება დესტაბილიზაციის ერთგვარი რისკი.

„ეს იქნება ერთგვარი რისკი იმისა, რომ შეიძლება, იყოს დესტაბილიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და ვერ მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება. შიდა კვლევებს არ ვიცნობ, თუ გვაქვს საერთოდ ეგეც არ ვიცი, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ 50 პროცენტზე მეტს მყარად ავიღებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, რაღაც მოლოდინებით ქვეყნის ბედ-იღბალს ვერ გავწირავთ. საერთო სახალხო განხილვებზე და სოფლად შეხვედრებზე ყველგან დაფიქსირდა, რომ საზოგადოებას უნდა ჰყავდეს შუამავალი მასსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ახლა არჩევნები უნდა ყოფილიყო ისევ შერეული სისტემით და, როდესაც გადავეწყობოდით მერე შეგვეცვალა“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.