დაბნელების დროს, მთვარეს მეტეორიტი დაეცა [ვიდეო]
დაბნელების დროს, მთვარეს მეტეორიტი დაეცა [ვიდეო]

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობამ „სუპერ სისხლისფერი მთვარის“ დაბნელება იხილა. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ამაღელვებლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა და დაბნელების მაყურებლებმა შენიშნეს, როგორ დაეცა დაბნელებული მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ნამსხვრევი, სავარაუდოდ მეტეორიტი.

მსგავს სცენას ასტრონომები წლებია ელოდნენ, მაგრამ ამ დრომდე მისი დაფიქსირება ვერ ხერხდებოდა.

21 იანვარს, ესპანეთის უელვას უნივესიტეტის მკვლევარმა მარია მადიედომ უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვა. უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, მთვარის დაბნელებას ის ოთხის ნაცვლად რვა ტელესკოპით აკვირდებოდა.

„მჯეროდა, რომ ამჯერად ეს მოხდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი წინათგრძნობა გამართლდა“, — უთხრა მან New Scientist-ს.

პროცესი მან კამერით გადაიღო, თუმცა მსოფლიოსთვის ამ ამბის ცნობა მაინც სხვებმა დაასწრეს.

იმის გამო, რომ მეტეორიტის დაცემა მთვარის ზედაპირის შედარებით ბნელ რეგიონში მოხდა, კაშკაშა ნათება სხვა დამკვირვებლებმაც შენიშნეს, რასაც Reddit-ზეც წერდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ფაქტის დადასტურება მადიედოს მიერ.

გრიფიტის ობსერვატორიის ვიდეოში კარგად ჩანს წამიერი, კაშკაშა ნათება მთვარის მარცხენა ქვედა კუთხეში.

მიუხედავად იმისა, რომ დარტყმის შედეგად საკმაოდ კაშკაშა ნათება წარმოიქმნა, თავად ნამსხვრევი არც თუ ისე დიდი უნდა ყოფილიყო. მარია მადიედოს პირველადი შეფასებით, მთვარის ზედაპირს უნდა დასცემოდა ფეხბურთის ბურთის ზომის 2-კილოგრამიანი კოსმოსური ნამსხვრევი.