დაბალი ტესტოსტერონის მთავარი მიზეზი შეიძლება მუცლის ცხიმი იყოს და არა ასაკი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ასაკი ტესტოსტერონის დონეზე შეიძლება ისეთ გავლენას არ ახდენდეს, როგორც გგონიათ.
კვლევები მიუთითებს, რომ 35 წლის ასაკიდან, კაცებში ამ სასქესო ჰორმონის დონე სისხლის მიმოქცევის სისტემაში კლებას იწყებს.
თუმცა, ეს პროცესი ძალიან თანდათანობით ხდება.
არის ერთი უყურადღებოდ დარჩენილი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს — სხეულის რა ნაწილში ინახება ცხიმი.
ჟურნალ Journal of the Endocrine Society-ში გამოქვეყნებული ახალი ანალიზის თანახმად, ვისცერული ცხიმი, ანუ მუცლის ღრუს სიღრმეში არსებული ცხიმი შეიძლება ტესტოსტერონის დათრგუნვის უფრო ზუსტი მეტაბოლური მსაზღვრელი იყოს.
კონკრეტული ტიპის ცხიმოვანი ქსოვილში შეიძლება გაეხვიოს ზოგიერთო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, მაგალითად, ღვიძლი, კუჭი, ნაწლავები; მას ტესტოსტერონის მრავალი რეცეპტორი აქვს, რაც ამ მოცირკულირე ჰორმონისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.
აშშ-ში 20-დან 59 წლამდე ასაკის დაახლოებით 5000 კაცის ჯანმრთელობის მონაცემების მიმოხილვისას, ვისცერული ცხიმის არსებობა ძლიერ იყო დაკავშირებული ტესტოსტერონის დათრგუნვასთან.
უფრო მეტიც, ისე ჩანდა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში, მისი გავლენა ტესტოსტერონის კონცენტრაციაზე იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ქრონოლოგიური დაბერება.
მას შემდეგ, რაც გაითვალისწინეს სხეულში ცხიმის გადანაწილება, ასაკმა მხოლოდ მოკრძალებული კავშირები აჩვენა კვლევის ასაკობრივ დიაპაზონში.
მიმოხილვის ორი ავტორი, აშშ-ის არმიის გარემოებითი მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ექიმები, კარლ ფრიდლი და ადამ პოტერი ასკვნიან, რომ მუცლის ღრმა ცხიმი უნდა იყოს „ამერიკელ მამაკაცებში დაბალი ტესტოსტერონის დონის ძირითადი კორელატი ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების თვალსაზრისით“.
წინა კვლევებმა ასეთივე შედეგები დადო საშუალო ასაკის მამაკაცებში — ცხიმთან დაკავშირებული მაჩვენებლები ტესტოსტერონის დონეზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ასაკი.
მაგალითად, 2007 წელს 1667 კაცზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სხეულის მასის ინდექსის (BMI) 4-5 პუნქტით მომატება დაკავშირებული იყო ტესტოსტერონის შემცირებასთან, რაც დაახლოებით 10 წლით დაბერებას შეესაბამებოდა.
ასეთი შედეგები ფართო თანხვედრაშია 2013 წლის კვლევასთანაც, რომელშიც 1382 კაცს ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ.
კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ტესტოსტერონის დონის ასაკთან დაკავშირებული შემცირება გარდაუვალი არ არის და აიხსნება მოწევის ქცევითა და ჯანმრთელობის სტატუსით, განსაკუთრებით სიმსუქნითა და დეპრესიით.
თუმცა, სიმსუქნის გასაზომად BMI-ის გამოყენებასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები.
დღეისათვის, BMI და სხეულის გარშემოწერილობა ჭარბი წონის ყველაზე გავრცელებულ საზომად რჩება, მაგრამ ისინი აუცილებლად საუკეთესო საზომები არაა კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობისათვის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნე დიდწილად შეესაბამება ტესტოსტერონის დაბალ დონეს, მამაკაცებს, რომლებსაც სხეულის მასის ინდექსისა და წელის გარშემოწერილობის ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ, ამ ჰორმონის დონე მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ჰქონდეთ.
მაგალითად, შესაძლებელია, რომ ჯანმრთელი წონის დიაპაზონში მოქცეული BMI-ის მქონე ახალგაზრდა კაცს მალული ვისცერული ცხიმის მაღალი პროცენტულობა ჰქონდეს, რაც გავლენას შეიძლება ახდენდეს მისი ტესტოსტერონის დონეზე.
შედარებისათვის, ასაკიან, კუნთიან კაცს, რომელსაც დაბალი ვისცერული ცხიმი აქვს, შეიძლება ტესტოსტერონთან დაკავშირებული პრობლემების უფრო მაღალი რისკი ჰქონდეს, მხოლოდ ასაკისა და BMI-ის მაჩვენებლის გამო.
ასეთ შემთხვევებში, ვისცერული ცხიმის დონე შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი იყოს.
უცნობია, რატომ არის ტესტოსტერონის გამომუშავება ასე მჭიდროდ დაკავშირებული ვისცერალურ ცხიმთან, მაგრამ მკვლევრებს რამდენიმე იდეა აქვთ.
მუცლის სიღრმეში არსებული ცხიმი ხელს უწყობს ინსულინისადმი რეზისტენტულობას, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ გარდაქმნიან სათესლე ჯირკვლების გარკვეული უჯრედები ქოლესტერინს ტესტოსტერონად.
ვისცერალურმა ცხიმმა შეიძლება ასევე დაასტიმულიროს ის ანთებითი გზები, რომლებმაც შესაძლოა დაარღვიოს სხეულის ჰორმონული სიგნალირების გზები, გაზარდოს ტესტოსტერონის გარდაქმნა ესტრადიოლად.
„ამჟამინდელი სახელმძღვანელოები სწორად აღიარებენ სიმსუქნეს, როგორც დაბალი ტესტოსტერონის რისკფაქტორს, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ცხიმის გადანაწილებამ, განსაკუთრებით კი ვისცერული ცხიმის — შეიძლება მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ სხეულის მთლიანი მასის გარდაც“, — წერენ მკვლევრები.
ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერვენციებმა, რომლებიც ვისცერალურ ცხიმს ამცირებს, მათ შორის Ozempic-ისა და Wegovy-ის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება დაბალი ტესტოსტერონის პრობლემები იმაზე პირდაპირ მოაგვაროს, ვიდრე მხოლოდ ტესტოსტერონის ჩანაცვლების თერაპიამ.
კვლევა Journal of the Endocrine Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.