ექსპერიმენტულმა პრეპარატმა მსუქან თაგვებში ცხიმის წვა კუნთების დაკარგვისა და საკვების შეზღუდვის გარეშე განაპირობა — #1tvმეცნიერება
წონაში კლების აბები ძირითადად მადის შემცირებას და ნაკლები საკვების მიღებას იწვევს. თუმცა, როგორც ჩანს, ექსპერიმენტული ნაერთი სულ სხვაგვარად მუშაობს — თაგვებში ის ორგანიზმს ეხმარება, გამოიყენოს მის მიერ მიღებული უფრო მეტი ენერგია.
ამ მიდგომამ შეიძლება სიმსუქნესთან ბრძოლის კიდევ ერთი გზა შემოგვთავაზოს. მხოლოდ კალორიების მიღების შეზღუდვის ნაცვლად, პრეპარატმა შეიძლება ასევე გაზარდოს სხეულის მიერ გამოყენებულ კალორიათა რაოდენობა.
ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ნაერთმა მსუქან მამრ თაგვებში გამოიწვია საშუალოდ 18-პროცენტიანი წონის კლება ოთხი კვირის განმავლობაში, თანაც ისე, რომ არ შეცვლილა თაგვების მიერ მიღებული საკვების რაოდენობა.
დაკარგული წონის უმეტესი ნაწილი სხეულის ცხიმზე მოდიოდა, კუნთოვანი და სხვა უცხიმო ქსოვილები კი დიდწილად შენარჩუნდა.
ნაერთის სახელია 5-ტეტრადეცილოქსი-2-ფურანის მჟავა (TOFA).
ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა თაგვები მაღალცხიმიანი საკვებით იქამდე კვება, ვიდრე მათ სიმსუქნე არ განუვითარდათ. ამის შემდეგ, თაგვებს TOFA-ს პერორალურად აძლევდნენ ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ.
„უცვლელი დარჩა საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა, არ გაზრდილა სხეულის ტემპერატურა, მაგრამ მთელი სხეულის ენერგიის ხარჯვა 18 პროცენტით გაიზარდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეტაბოლური ბიოლოგი ანდერს ნაარი.
TOFA თაგვებში არ იწვევს უფრო მეტ მოძრაობას ან საკვებიდან კალორიების შეწოვის შეზღუდვას. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, მან შეცვალა მათი სხეულის მიერ ცხიმის დამუშავებისა და ენერგიის გამოყენების წესი.
აღმოჩნდა, რომ ნაერთი ორი გზით მუშაობს. ანელებს ახალი ცხიმის წარმოქმნას და უჯრედებს ცხიმის აღებასა და ენერგიისთვის გამოყენებაში ეხმარება.
თუმცა, გაურკვეველი რჩება, ზუსტად რომელი უჯრედული პროცესები იწვევს ენერგიის მთლიან დამატებით ხარჯვას.
მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ამ ეფექტების გამეორება ორი სხვადასხვა მიდგომით შეეძლოთ: ერთი ცხიმის წარმოქმნის შესანელებლად და მეორე ცხიმის წვის გასაზრდელად. მაგრამ ამ კომბინაციამ იგივე შედეგები არ დადო, რაც TOFA-მ.
„ერთ მოლეკულაში ორივე აქტივობის მიმდინარეობას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჯერ სრულად არ ვიცით, რატომ“, — ამბობს ნაარი.
TOFA პირველად 1970-იან წლებში შექმნეს და წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ლაბორატორიულ კვლევებში. ნაარის განცხადებით, მისი უნარი, გაააქტიუროს ცხიმის წვის პროგრამები, როგორც ჩანს, თავიდანვე არსებობდა, მაგრამ ის არავის უძებნია.
როგორც ჩანს, მკურნალობამ წონის კლების გარდა სხვა სარგებელიც მოიტანა. შეამცირა სისხლში შაქრისა და ინსულინის დონე, თაგვებს უკეთესი რეაგირება ჰქონდათ შაქარზე და შეამცირა ცხიმი მათ სისხლსა და ღვიძლში.
ექსპერიმენტებში TOFA-მ ასევე შეამცირა ცხიმიანი ღვიძლის დაავადების ნიშნები, მათ შორის ცხიმის დაგროვება, ანთება და დანაწიბურება.
ნაარი ხაზს უსვამს, რომ TOFA, როგორც ჩანს, პირდაპირ არ იცავს კუნთებს. ვინაიდან თაგვები ჩვეულებრივად ჭამას განაგრძობდნენ, მათ მიერ დაკარგული წონის უმეტესი ნაწილი ცხიმზე მოდიოდა.
„ჩვენს თაგვებში მან არ გამოიწვია უცხიმო მასის დაკარგვა, რაც ხშირად ახლავს თან წონაში კლებას“, — ამბობს ნაარი.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა TOFA-ს დაბალი დოზა შეურიეს GLP-1-ზე დაფუძნებულ პრეპარატებს, სემაგლუტიდსა და ტირზეპატიდს. ეს მედიკამენტები წონის კლებას დიდწილად მადის შემცირებით განაპირობებს, ანუ ამცირებს მიღებული საკვების რაოდენობას.
ამ კომბინაციამ განაპირობა წონაში იმაზე დიდი კლება და მეტაბოლური გაუმჯობესება, ვიდრე ცალკე გამოყენებულმა რომელიმე პრეპარატმა.
ორივე მიდგომა სხეულის ენერგეტიკული ბალანსის სხვადასხვა მხარეს მოქმედებს. სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი ანცირებს ენერგიის მიღებას, TOFA კი ზრდის ენერგიის ხარჯვას თაგვებში.
„ამის გამო, ეს კომბინირებული თერაპია საინტერესოა, რადგან მექანიზმები ერთმანეთს ავსებენ დუბლირების ნაცვლად“, — ამბობს ნაარი.
ცალკე ექსპერიმენტში, TOFA-თი ნამკურნალებმა თაგვებმა წონა პრეპარატის შეწყვეტიდან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნეს, მხოლოდ სემაგლუტიდზე მყოფმა თაგვებმა კი საკვების მიღების ზრდასთან ერთად წონაში სწრაფად მოიმატეს.
თუმცა, ეს კომბინირებული ექსპერიმენტები ხანმოკლე იყო და თაგვების მცირე ჯგუფზე ჩატარდა. კვლევაში გამოყენებული ყველა თაგვი მამრი იყო და შესაბამისად, ჯერ უცნობია, ექნება თუ არა TOFA-ს იგივე შედეგები მდედრებშიც.
TOFA ადამიანებში არასოდეს დატესტილა. უცნობია ყველაზე დაბალი უსაფრთხო დოზა და ასევე, ნაერთს არ გაუვლია სამედიცინო გამოყენებისთვის საჭირო უსაფრთხოების შემოწმება.
ნაარი და კვლევის ორი სხვა თანაავტორი კომპანია ReRx Therapeutics-ის თანადამფუძნებლები არიან, რომელიც TOFA-ზე, როგორც პოტენციურ პრეპარატზე მუშაობს.
მკვლევრები ამჟამად ტოქსიკოლოგიურ და ეფექტიანობის კვლევებს გეგმავენ ვირთხებსა და უფრო დიდ ცხოველებზე, რომელთა ფიზიოლოგია უფრო ახლოსაა ადამიანის ფიზიოლოგიასთან. ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებამდე, სწორედ ასეთი კვლევებია საჭირო.
ამ ეტაპზე, TOFA ჯერ წონის კლების ახალი პრეპარატი არ არის. სამაგიეროდ, მისი კვლევა მიანიშნებს დამაინტრიგებელ იდეაზე — შეიძლება შესაძლებელი იყოს სხეულს ცხიმის კლებაში დაეხმარო არა მხოლოდ ნაკლების ჭამით, არამედ იმის შეცვლითაც, თუ როგორ იყენებს ის მიღებულ ენერგიას.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.