ყოველი ათიდან რვა ახალგაზრდაში, მეცნიერებმა არტერიების დაზიანების ნიშნები იპოვეს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

16:38, 31.08.2026

ახალგაზრდობა გარანტია არაა თქვენი გულის დასაცავად.

შარშან, აშშ-ში ახალგაზრდების ჯგუფის შესწავლისას მკვლევრებმა „შემაშფოთებელი“ დაკვირვება გააკეთეს.

როდესაც მათ ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილის საძილე არტერიები გადაიღეს და გაზომეს, შეამჩნიეს სუბკლინიკური დაზიანების ნიშნები.

არტერიების სისქის ზოგიერთი მარკერი ისეთი იყო, როგორიც 33 წლის ასაკში უნდა იყოს.

მონაწილეთა საშუალო ასაკი 23 წელი იყო.

მონაწილეთა იმავე კოჰორტაზე ჩატარებულმა შემდეგმა, ახალმა კვლევამ შეიძლება ახსნას, რატომ ხდება ეს პოტენციური დაზიანებები 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდებში.

ჟურნალ Circulation: Population Health and Outcomes-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 1283 ახალგაზრდიდან, 80 პროცენტი კლასიფიცირდებოდა, როგორც გულ-სისხლძარღვთა-თირკმლის-მეტაბოლური (CKM) სინდრომი.

რაც უფრო განვითარებულია მათი CKM-ის სტადია, მით მეტად აქვთ მონაწილეებს საძილე არტერიების დაზიანების ნიშნები — არტერიების, რომლებიც ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს თავის ტვინს აწვდის.

შედეგები შემაშფოთებელია და შეიძლება ახსნას რატომ იზრდება ახალგაზრდებში გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლური და თირკმლის დარღვევები.

თუმცა, ეს კონკრეტული მონაწილეები აშშ-ის მთელი ახალგაზრდობის წარმომადგენლები არ არიან. კვლევა ფოკუსირებული იყო ურბანულ მოსახლეობაზე და ბევრი მონაწილე სოციალურად დაუცველი ფენიდან იყო.

„განსაკუთრებით ცუდი იყო კვების რაციონის და ფიზიკური აქტივობის ქულები“, — წერენ მკვლევრები.

ეს მონაწილეებს გულ-სისხლძარღვთა-თირკმლის-მეტაბოლური (CKM) სინდრომის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

თუკი ამ სინდრომის შესახებ აქამდე არასოდეს გსმენიათ, მარტო არ ხართ. შარშან, აშშ-ის ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 90 პროცენტს CKM-ის შესახებ არაფერი გაეგო.

CKM პირველად ამერიკის გულის ასოციაციამ (AHA) განსაზღვრა 2023 წელს. AHA-მ და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯმა მხოლოდ წელს გამოაქვეყნეს ამ სინდრომის პრევენციისა და მართვის პირველი კლინიკური გაიდლაინი.

CKM არის სინდრომი, რომელიც ხსნის, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს მეტაბოლურმა, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებმა მრავალორგანულ გართულებებში და სახიფათო გულ-სისხლძარღვთა შედეგებში.

„გულის, თირკმლის და მეტაბოლური დაავადებები იზოლირებულად არ ხდება — ისინი ღრმადაა ერთმანეთთან დაკავშირებული“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის კარდიოლოგი ჩიადი ნდუმელე.

CKM-ის სტადიები იწყება ისეთი რისკფაქტორებით, როგორიცაა პრედიაბეტი ან ჭარბი ცხიმი და გრძელდება ისეთი რისკფაქტორებით, როგორიცაა მეტაბოლური დარღვევები, თირკმლის დარღვევები და ბოლოს გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

კვლევის მონაწილე არცერთ ახალგაზრდას არ ჰქონდა CKM-ის ბოლო სტადიის დიაგნოზი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სპექტრის გასწვრივ უფრო შორს იყო, ვიდრე სხვები.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უფრო მაღალი ჰქონდათ თირკმლის ქრონიკული დაავადების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების ზოგადი რისკი, როგორიცაა გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა ან ინსულტი.

1283 მონაწილიდან, 40 პროცენტი კლასიფიცირდა CKM-ის პირველ სტადიაზე, 36 პროცენტი მე-2 სტადიაზე და 2,8 პროცენტი მე-3 სტადიაზე.

CKM-ის დიაგნოზი იმას კი არ ნიშნავს, რომ მონაწილეები განწირული არიან, არამედ მიუთითებს, რომ ადგანან სარისკო გზას.

ეს ისეთი რამ არ არის, რისი იგნორირებაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, ირწმუნება კვლევის თანაავტორი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კარდიოლოგი ნილი შაჰი.

„CKM-ის ძალიან ბევრი კომპონენტი ახალგაზრდობაში იწყება — ადრეული ზრდასრულობაში ან თუნდაც მოზარდობაში“, — განმარტავს შაჰი.

CKM-ის ახალ კვლევაში, ახალგაზრდების რისკფაქტორები „ცხოვრების აუცილებელი 8 ქულის“ გამოყენებით გაზომეს — კომპოზიტური საზომის, რომელიც მოიცავს კვების ხარისხს, ფიზიკურ აქტივობას, ძილს, ნიკოტინის ზემოქმედებას, სხეულის მასის ინდექსს, სისხლში შაქრის დონეს, სისხლის ლიპიდებს და სისხლის წნევას.

ცნობილია, რომ ამ ფაქტორების მართვა ამცირებს გულის დაავადების რისკს და მხარს უჭერს თირკმლის და მეტაბოლურ ჯანმრთელობას.

CKM-ის პროგრესის შექცევა შესაძლებელია სწორი ჯანდაცვის ჩარევებით, როგორიცაა კვების გაუმჯობესება, ვარჯიშის გაზრდა ან მეტაბოლიზმის გასაზრდელი პრეპარატების მიღება.

„მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ახალგაზრდას შეიძლება ჯერ არ ჰქონდეს რისკფაქტორთა კლინიკურად გაზრდილი დონე, ბევრი ჯერ კიდევ იძლევა რისკფაქტორების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს ცხოვრების სტილისა და ქცევის შეცვლის გზით“, — წერენ მკვლევრები.

ახალგაზრდობა მარად არ გრძელდება და ამ პერიოდში ჩვენმა ჯანმრთელობამ შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი. დაწყებისთვის გვიანი არასოდესაა.

კვლევა Circulation: Population Health and Outcomes-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი