დაავადებათა კონტროლის ცენტრი - მტვრის მომატებული კონცენტრაცია მოსახლეობის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - მტვრის მომატებული კონცენტრაცია მოსახლეობის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის

მტვრის კონცენტრაცია, რომელიც ამ ეტაპზე თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში აღინიშნება, საგანგაშო არ არის და მოსახლეობისთვის დამატებითი რეკომენდაციების გაცემის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველმა ნია გიუაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია საფრთხეს პირველ რიგში, ბავშვებს, მოხუცებს, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებს უქმნის და ამ შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა და კარ-ფანჯრის ფარდებით დაცვა, ოთახების კონდიცირება, გარეთ ყოფნის პერიოდის და ფიზიკური აქტივობის მაქსიმალურად შეზღუდვა.

ნია გიუაშვილის განცხადებით, ეს სტანდარტული რეკომენდაციები, რომლებიც ტემპერატურისა და ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდის პერიოდში გაიცემა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივ კომუნიკაციაშია გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და თუ მდგომარეობა გაუარესდება, მოსახლეობას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.