ცოტნე კობერიძე – მორალიდან გამოცლილ საზოგადოებად გავიზრდებით, თუ ყველაფერი მექანიკური კანონის შიშით, არ მინდა, ჩემი შვილს არ ჰქონდეს მორალი, კანონის ძალით ხვდებოდეს, რა არის სწორი და არასწორი 

01:28, 15.07.2026

არ მინდა, ჩემი შვილი კანონის ძალით ხვდებოდეს, რა არის სწორი-არასწორი და არ ჰქონდეს მორალი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

კობერიძეს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა: „იმ პირობებში, როცა სოციალური ქსელი ფაქტობრივად, შეურაცხყოფის პოლიგონად არის ქცეული, როგორ უნდა მოხდეს მოქალაქის, ამ შემთხვევაში ე.წ. მსხვერპლის დაცვა, თუ არ იმოქმედებს კანონი?“.

„მე ამ საკითხს ვუყურებ, როგორც ეთიკას და მორალს და გამოდის, ეთიკას და მორალს კანონით ვასწავლით ვინმეს. მორალიდან გამოცლილ საზოგადოებად გავიზრდებით, თუ ყველაფერი იქნება მექანიკურად გადაქცეული კანონის შიშით. მე ახლა რასაც სოციალური ქსელით მიმდინარე ამბებს ვუყურებ, ჩემთვის ცოტა კომიკური გახდა, რომ ორი პირის მიღმა მესამე პირი უფრო მნიშვნელოვანი გახდა სახელმწიფოს სახით. ადამიანი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად არ თვლის და არ უნდა, დაისაჯოს ის ადამიანი, ვისზეც უთხრეს, შენ შეურაცხყოფა მოგაყენაო და ჩვენ ორ სუბიექტს შორის დამოუკიდებლად ხდება მისი დასჯა, ეს ჯერ კიდევ ცალკეული აბსურდი იყო ჩემთვის“, – განაცხადა კობერიძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში მსგავსი შელაპარაკება და პოლემიკა საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულდა, რაზეც ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ სიტყვა არის ძალიან უნიკალური რამ, რომლისთვისაც თავისუფლების ქონა-არქონა ბევრ რამეს განსაზღვრავს და მათ შორის, მთქმელსა და აღმქმელს შორის ორი ადამიანი არეგულირებს, რას ნიშნავს ის სიტყვა.

„მაგალითად, ზოგიერთ კონტექსტში ჩემთვის ნათქვამი კომპლიმენტი შეიძლება, კომპლიმენტად აღვიქვა და ზოგიერთ მომენტში შეიძლება, ეს შეურაცხყოფად იქნეს ჩემგან აღქმული. შეიძლება, თვითონ კონტექსტი განსაზღვრავდეს და ამის კონტექსტი განსაზღვრულია ჩემთვის. მაგალითად, ჩემ ტელეფონში რომ ჩაგახედოთ, სოციალურ ქსელში რა ხდება, მე რომ თქვა, კი, ის ხალხი დასაჭერია, ვინც მე შეურაცხყოფას მაყენებს, ამას არ ეყოფა სამი სამსახური რომ შეიქმნას. ეს იმ გარემომ მოიტანა, რა გარემოცაა, ის, რომ სიძულვილი არსებობს, თვითონ ეს სიძულვილი რამ დაბადა, ის თუ არ მოვაგვარეთ, იმის გამოხატვის გზებს სადაც არ უნდა ვსდიოთ, კარგთან ვერსად ვერ მივა. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ქოლცენტრით დამირეკეს და შეურაცხყოფა მომაყენეს სავარაუდოდ იმ ხალხმა, რომელიც მერე ამ კანონს იღებს და განსაკუთრებით არ მომწონს, როცა პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის დაცვა ხდება ამ კანონით. რაღაც პირიქით მგონია, არ მინდა, ხელოვნური სიამტკბილობა მივიღოთ რეალობად. არ არსებობს ასეთი სიამტკბილობა საქართველოში საჯარო პირთან მიმართებით, შენ იცოდე, რომ მოქალაქე შიშის გამო აღარ გაგინებს, ეს აბლაგვებს ჩემი აზრით, მათ შორის, პოლიტიკოსსაც“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ევროპაში რაც არ უნდა მიიღონ, ის არ ეთანხმება ამას და არ მოსწონს, რადგან ეს არის საზოგადოების დაბლაგვება.

„მე ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლება როცა დაცული და ამ სიტყვის თავისუფლების მიუხედავად მოქალაქეს ჩემდამი არ უჩნდება სიძულვილი, ეს მე გამხდის ხვალ უკეთესს, მამყოფებს ფორმაში, როცა მეცოდინება, რომ მას არ უჩნდება სიძულვილი, ან, თუ უჩნდება, ამას გამოხატავს და მე ამას ვცდილობ, დავაზღვიო ჩემი საკუთარი ქმედებით. ვიღაც, ვინც არასწორად მაგინებს, უბრალოდ, არ ვითვალისწინებ, ვხვდები, რამდენი ადამიანია, რომელიც პროპაგანდის მსხვერპლია და ისეთ რაღაცებს მწერს, ზოგჯერ გაოცებული ვარ, ეს თავში რანაირად მოუვიდა, ეს როგორ ჰგონია, ნეტა, მიცნობდეს, რომ მიხვდება, რა აბსურდულს მეუბნება თქო, მაგრამ ერთი წამითაც არ მინდა, ის ადამიანი დაისაჯოს. მიზანი, ავაგოთ ნორმალური საზოგადოება, მიღწეული არ იქნება, ვიდრე  კანონით კი არ მოვიტყუებთ თავს, არამედ ჩვენი ქცევა არ გადაიქცევა მაგალითად და არ დაწინაურდება ის კაცი, რომელიც უფრო მეტად უზრდელია, თუ ტელევიზორში უფრო მეტად ვხედავთ იმას, ვინც ყველაზე მაგრად იგინება, თუ სამსახურში დაწინაურდება კაცი, ვინც ყველაზე მაგრად ჩხუბობს, თუ დეპუტატი ხდება ის, ვინც აგრესიით თავს სხვებს აწონებს. ამას თუ დაანახებ ბავშვს, რომ ეს არის წარმატების ერთადერთი საშუალება, რომ კი, შეგიძლია, უზრდელი იყო, ის ჩვეულებრივ შეხედავს ამას. მაგალითად, დიტო სამხარაძე რომ დეპუტატია, მე არ მჯერა, რომ მერე ზრდილობაზე დაშენებული პოლიტიკა ხდება“, – განაცხადა კობერიძემ.

მსგავსი