ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა 
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანას, მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ გადასაყვანად ოჯახი კლინიკების მოძიების ეტაპზეა.

გამსახურდიას ექიმის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კლინიკა ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.