CNBC - აშშ-ის სანქციების გამო ნავთობის ფასმა წლის ბოლომდე შესაძლოა, 90 დოლარს გადააჭარბოს
CNBC -  აშშ-ის სანქციების გამო ნავთობის ფასმა წლის ბოლომდე შესაძლოა, 90 დოლარს გადააჭარბოს

ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, ნავთობის ფასმა წლის ბოლომდე შესაძლოა ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბოს. ასეთი პროგნოზი ენერგეტიკის საერთაშორისო ბაზრების მკვლევარი ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის, Energy Aspects-ის ანალიტიკოსმა, ამრიტა სენიმ ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„რაც უფრო ვუახლოვდებით წლის მეოთხე კვარტალს, სულ უფრო იკვეთება რისკი, რომ ნავთობის ფასი გასული საუკუნის 80-იანი და შესაძლოა, 90-იანი წლების მოცემულობისკენ წავიდეს, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა მოცულობის ირანულ ნავთობს დავკარგავთ“,- განცხადა სენიმ.

ანალიტკოსის აზრით, არ არის გამორიცხული, ნავთობის ბაზარზე მიწოდების დიდი დეფიციტი შეიქმნას, რაც ფასის ზრდას გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, 6 აგვისტოს ძალაში შედის აშშ-ის სანქციების ნაწილი ირანზე და ინვესტორები უკვე განიხილავენ პოტენციურ ფაქტორებს, რასაც ნავთობის მიწოდებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მიწოდების შემცირების რისკ-ფაქტორად ირანის ექსპორტის შესაძლო შემცირება სახელდება, მიწოდების ზრდის ოპტიმისტური პროგნოზის საფუძვლად კი ნავთობის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების კარტელს, „ოპეკსა“ და მის მეკავშირე ქვეყნებში წარმოების შესაძლო ზრდა განიხილება.

ნავთობის ფასი მიმდნარე წლის მაისში ბარელზე 80 დოლარს უკვე გადაცდა, მაგრამ ივნისში რუსეთი, „ოპეკის“ ლიდერი სახელმწიფო საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები აგვისტოდან, დღიური წარმოების მილიონი ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, ფასი 7 პროცენტით დაეცა.

დღევანდელ ვაჭრობაზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი (რომელიც ზოგადად საერთაშორისო ფასის განმსაზღვრელი ინდიკატორია) 0.33 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 73 დოლარი და 47 ცენტი შეადგინა. ამერიკული დასავლეთ ტეხასური ნედლი ნავთობის ფასმა კი 0.4 პროცენტით მოიმატა და ბარელზე 68 დოლარსა და 77 ცენტზე დაფიქსირდა.

ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად ანალიტიკოსები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც აშშ-მა ირანის ე.წ. „ბირთვული შეთანხმება“ დატოვა. შეთანხმებას დასავლეთის ქვეყნებმა ირანთან 2015 წელს მიაღწიეს და ეს ხელშეკრულება ირანის ბირთვული ამბიციების გაკონტროლებას ისახავდა მიზნად.

ირანის შეთანხმების დატოვების შემდეგ ტრამპმა ირანზე ეკონომიკური სანქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ნაწილიც 6 აგვისტოს, ნაწილი კი 4 ნოემბერს ამოქმედდება.

ირანი ნავთობის რიგით მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელია და შესაბამისად, ანალიტიკოსები ნავთობის ბაზარზე მიწოდების მკვეთრ შემცირებას არ გამორიცხავენ.

მაგალითად, ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley ვარაუდობს, რომ ირანში წარმოება მეოთხე კვარტალში, დღეში 2.7 მილონ ბარელამდე დაეცემა და ამის გამო საერთაშორისო ბაზრის მიწოდებიდან  მილიონი ბარელი ნავთობი გაქრება.

Energy Aspects-ის ანალიტკოსი სენი წლის ბოლომდე ირანის დღიური წარმოების 1.5 მილიონ ბარელამდე შემცირებასაც არ გამორიცხავს. ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ფინანსური ჯგუფი Merrill Lynch-ის ანალიტკოსებმა კი ჯერ კიდევ ივლისში განაცხადეს, რომ ნავთობის მიწოდებიდან დღიური ერთი მილიონი ბარელის დანაკლისი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის დაახლოებით 17 დოლარით ზრდას იწვევს.