ცხრა მოთამაშით ფრე ლუქსემბურგთან - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ლუქსემბურგში ხანმოკლე შეკრების ბოლო დღეს მასპინძლებთან მეორე ამხანაგური მატჩით გამართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
ამ გუნდების პირველი მატჩიც 1:1 მორჩა. მეორე შეხვედრაც დიფერდანჟის მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა. მე-15 წუთზე ანგარიში მასპინძელთა კაპიტანმა, ლეონ ელშანიმ პენალტით გახსნა და ლუქსემბურგი დააწინაურა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინა – ლუკა ფრიდონიშვილის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მცველებს გიორგი ნიკოლაიშვილმა დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულეს – 58-ე წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან ნიკა ცეცხლაძე გააძევა, ხოლო 90+2-ე წუთზე – ალეკო ბასილაძე.