საქართველოს ნაკრებმა IHF-ს ერთა ჩემპიონატის ფინალში კუბა ანგარიშით 31:21 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ნიკოლა მაქსიმოვიჩის გაწვრთნილებმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს, ფინალში კი საუკეთესო თამაში აჩვენეს, სადაც კუბის ძლიერი ნაკრები 25 წუთის განმავლობაში სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა.
ტურნირის მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშით 9:10-ს აგებდნენ, მაგრამ გულშემატკივრის გამხნევებულმა საქართველოს გუნდმა პირველი ნახევარი ანგარიშით 14:10 მოიგო, საბოლოოდ კი დამაჯერებლად გაიმარჯვა – 31:21.
საქართველოდან ყველაზე მეტი – რვა გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც ტურნირის ყველაზე ღირებულ მოთამაშედაც აღიარეს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ „ოლ სტარის“ გუნდი დასახელდა და საუკეთესო მოთამაშეები ამპლუის მიხედვითაც დაასახელეს, სადაც ცხოვრებაძის გარდა, საგანგებო პრიზი თემო ორჯონიკიძემაც მიიღო.
ყველაზე ღირებული მოთამაშე: გიორგი ცხოვრებაძე – საქართველო;
მეკარე: მანგოლ სუარესი – კუბა;
მარცხენა გარემარბი: პეიჟე ჰუანგი – ჩინეთი;
მარცხენა ინსაიდი: თემო ორჯონიკიძე – საქართველო;
გამთამაშებელი: კრისტიან ვასილიევი – ბულგარეთი;
მარჯვენა ინსაიდი: გიორგი ცხოვრებაძე – საქართველო;
მარჯვენა გარემარბი: სვეტლინ დიმიტროვი – ბულგარეთი;
ხაზის მოთამაშე: ედუარდო სარიასი – კუბა;
ბომბარდირი: სებასტიან ედგარი – ბრიტანეთი, 66 გოლი.
ამავე დროს, საქართველოს ნაკრებმა ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგიც აჩვენა და ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
„ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მთელ პერსონალს, რადგან ისინი გვეხმარებოდნენ, რომ ასეთი კარგი შედეგი გვეჩვენებინა. წარმატების მთავარი მიზეზი ჩვენი დაცვა იყო, რომელშიც საუკეთესონი ვიყავით. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მეკარე და მე ვიზიარებ ჩვენი ბიჭების სიხარულს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი.
კომენტარი გააკეთა ტურნირის ყველაზე ღირებულმა მოთამაშემ, გიორგი ცხოვრებაძემაც.
„ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრები წარმატებით გამოდის, ეს გულშემატკივრების დამსახურებაა, რომელთა თანადგომამაც დიდი ძალა შეგვმატა. რაც შეეხება ჩემს წარმატებას, მიმაჩნია, რომ ეს ნაკრების გამარჯვების შედეგია – სხვაგვარად ჩემი პირადი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა და ამისთვის მადლობა ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა გიორგი ცხოვრებაძემ.