ცხადაძემ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა - „ნეფთჩი“ აზერბაიჯანში ისეთივე ბრენდია, როგორც საქართველოში „დინამო თბილისი“ #1TVSPORT
შვეიცარიაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კახა ცხადაძემ „დინამოს“ ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა.
„ბაქოს „ნეფთჩი“ აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც „დინამო“ – საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
„დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ 6/7 და 13/14 ივლისს დაუპირისპირდება. ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება, პირველ მატჩს თბილისელები შინ გამართავენ.