მონრეალის „მასტერსის“ შემდეგ, ახალ სათამაშო კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი ცინცინატი უმასპინძლებს ამავე კატეგორიის ტურნირს. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-15 ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეში რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება. ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, ჰამბურგის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ქართველმა სამ სეტში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.
საერთოდ, ბასილაშვილი რუბლიოვს ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს. მათ ასევე დოჰას ტურნირში ითამაშეს და ნიკამ 6:3, 6:4 გაიმარჯვა.
რუბლიოვი ცინცინატის „მასტერსის“ ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა – მან მოუგო ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს.
ბასილაშვილსა და რუბლიოვს შორის მოგებული მეორე წრეში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შორის მოგებულს შეხვდება.