შთამბეჭდავი სტარტი აიღო აშშ-ის ღია პირველობაზე ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა. მან საათი და 40 წუთი მოანდომა ესპანელი ალბერტ რამოსის დამარცხებას – 6:2, 6:1, 6:1. მატჩში ინტრიგა საერთოდ არ ყოფილა. მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი უნაკლოდ გამოიყურებოდა პირველ მოწოდებაზე, რომელზეც მხოლოდ ოთხი ქულა (35/39) წააგო, თუმცა, მეორე მოწოდებაზე ოდნავ გაუჭირდა და ქულების მხოლოდ 44 პროცენტი აიღო (11/25). ამის მიუხედავად, მეტოქეს მაინც არ მისცა თუნდაც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი. თავად ციციპასმა 14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ასევე აღვნიშნოთ ბერძენის 13 ეისი და ხუთი ორმაგი შეცდომა.
ციციპასის დომინირებას მეტოქემაც შეუწყო ხელი, რომელმაც ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მხოლოდ შვიდი “ვინერსი” და 28 უნებლიე შეცდომა დააგროვა.
ციციპასს არც მეორე წრეში უნდა ჰქონდეს პრობლემა, რადგან იქ უცნობი ავსტრალიელი მაქსიმ კრესი ელოდება, რომელმაც „დიდ სლემზე” თავის პირველ მატჩში ოთხ სეტში მოუგო სლოვაკ იოზეფ კოვალიკს.