ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველი ფინალისტი ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახდა. მან ნახევარფინალში ორ სეტში მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და 37 წუთი მიმდინარეობდა.
შეიძლება ითქვას, რომ მატჩი 38 წლის შვეიცარიელის უპირატესობით მიმდინარეობდა. ფედერერმა მეტოქეზე სამჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა – 12 4-ის წინააღმდეგ, მაგრამ როჯერმა მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება შეძლო, ციციპასმა – სამის.
პირველ სეტში ბერძენმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ის მოგებულ ქულად აქცია, ფედერერმა კი ექვსი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მათ შორის ორი მეცხრე გეიმში, რომელშიც ციციპასი სეტზე აწვდიდა. ეს გეიმი 22-გათამაშებიანი იყო და სტეფანოსმა მეშვიდე სეტბოლზე მიაღწია მიზანს.
მეორე სეტში პირველი ბრეიკი ციციპასმა მესამე გეიმში შეასრულა. იქვე ფედერერმა უკუბრეიკით უპასუხა, თუმცა მეხუთე გეიმში ბერძენმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ბოლო გეიმში ფედერერმა კიდევ ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა და ზედიზედ მესამედ ამ ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.
21 წლის ციციპასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელიც შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა. მისი მეტოქე გაირკვევა ავსტრიელი დომინიკ ტიმისა და გერმანელი ალექსანდრ ზვერევის ნახევარფინალში.