„ჩვენ ვართ ტორპედო“ - რაც მოხდა, ამასთან „ტორპედოს“ ფან-კლუბს არანაირი საერთო არ გვქონია #1TVSPORT
„ჩვენ ვართ ტორპედო“ - რაც მოხდა, ამასთან „ტორპედოს“ ფან-კლუბს არანაირი საერთო არ გვქონია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „დინამო თბილისთან“ ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა და სტადიონზე მომხდარ არეულობაში „ჯუნგლების“ (გუნდის ფან-კლუბის) მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

შეგახსენებთ, რომ 83-ე ქართული „კლასიკო“„რამაზ შენგელია არენაზე“ პრინციპულ მეტოქეებს შორის, 90+6 წუთზე ჩხუბის და სტადიონზე არეულობების გამო ჩაიშალა. ამ დროისთვის თბილისელები 1:2-ს იგებდნენ. ტრიბუნაზე კონფლიქტმა მოედანზეც გადაინაცვლა და მაყურებელთა ნაწილმა მოედანზე შეაღწია.

მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ასეთ პირობებში თამაშის მონაწილეთა უსაფრთხოება არასათანადოდ დაცულად მიიჩნია და მატჩის ოფიციალურ პირებთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ თამაში ჩაშლილად გამოაცხადა.

„ვიღაც პროვოკატორები და კლავიატურის მონები ხელს ჩვენსკენ იშვერენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. მაშინ როცა წარმოდგენაც არ აქვთ, რა მოხდა რეალურად. არანაირ ახსნა განმარტებებს არ ვაპირებთ მომხდართან დაკავშირებით, უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს რაც მოხდა, „ჯუნგლებს“ ამ ყველაფერთან არანაირი საერთო არ გვქონია. როგორც ცოტა ხნის წინ დავწერეთ, პროტესტის ნიშნად არ ვიდექით ტრიბუნაზე. პროტესტის მიზანი კი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის გაშვება იყო არის და იქნება. ასე რომ, ჯერ კარგად გაიგეთ, რა მოხდა, ბოლომდე გაერკვიეთ ვითარებაში და კომენტარები შემდეგ გააკეთეთ“, – წერია „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს განცხადებაში.

ქართული კლასიკო 90+6-ე წუთზე, სტადიონზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით შეწყდა. მომხდარ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.