ქართველი ლეგიონერები | წიტაიშვილმა და გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშეს, ბეგლარიშვილი ესტონეთში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT

22:15, 08.11.2026

გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში ბასკურ „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ბუნდესლიგაში „კიოლნმა“ „ლევერკუზენთან“ საშინაო მატჩი 1:2 დათმო. ლუკა ლოჩოშვილი ზედიზედ მესამე შეხვედრაში (მათ შორის, თასზეც) სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მანამდე საქართველოს ნაკრების მცველი „შალკესთან“ დაპირისპირებაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „მონცა“ შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 6,7 შეფასება მიიღო.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და კაცნაკლულ მეტოქესთან 3:4 დამარცხდა.

მე-12 ტურის შეხვედრის სამატჩო განაცხადში საქართველოს ნაკრების წევრებიდან მხოლოდ გიზი მამაგეიშვილი მოხვდა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე, 78-ე წუთზე შევიდა. ოთარ კიტეიშვილი კვლავ რეაბილიტაციის პროცესშია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ შინ „გაბალას“ 2:1 სძლია. ვოლკოვმა მე-11 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი მიითვალა. რაც შეეხება პაპუნაშვილს, ის სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

ესტონეთის პრემიუმლიგის ბოლო ტურში ნიკა ქუთათელაძემ „კალიუს“ გაუტანა, „ლევადიას“ სეზონის დასკვნით შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა (2:2) და გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.

ესტონეთის უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა ზაქარია ბეგლარიშვილის „ნომე იუნაიტედმა“. თავად ქართველი ნახევარმცველი კი 23 საგოლე მოქმედებით (12 გოლი და 11 საგოლე გადაცემა), „ლევადიას“ ბრაზილიელ ლეგიონერ ვენდელთან ერთად (20 გოლი და 3 საგოლე გადაცემა), ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი