ჭუბერის მცხოვრები - მდინარემ ყველაფერი წაგვართვა, პრემიერი დაგვპირდა, რომ სახლს გვიყიდიან
ჭუბერის მცხოვრები - მდინარემ ყველაფერი წაგვართვა, პრემიერი დაგვპირდა, რომ სახლს გვიყიდიან

მდინარემ ყველაფერი წაგვართვა, პრემიერი დაგვპირდა, რომ სახლს გვიყიდიან, – ამის შესახებ პირველ არხს ჭუბერის მცხოვრებმა ფრიდონ ცინდელიანმა განუცხადა, რომლის სახლიც სტიქიამ დღეს დაანგრია.

„უსახლკაროდ დავრჩი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მდინარემ ყველაფერი წაგვართვა. ყველა გვეხმარებოდა, მეზობლები, ნათესავები, მაშველები, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ სახლი. დაახლოებით 100 მეტრი აშორებდა ჩემი სახლიდან მდინარეს. რამდენჯერმე შეიცვალა კალაპოტი და ბოლოს ჩემს სახლს მოადგა. გამოვიტანეთ ნივთების და ავეჯის ნაწილი, მაგრამ ღია ცის ქვეშ აწყვია და ახლა, რაც მდინარეს გადაურჩა, წვიმა ანადგურებს.

პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ სახლს გვიყიდიან. მისი იმედი გვაქვს“, – განუცხადა პირველ არხს სოფელ ჭუბერის მკვიდრმა ფრიდონ ცინდელიანმა.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი დღეს ჩამოინგრა, რაც პირველმა არხმა ვიდეოზე დააფიქსირა.