საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია დღეს, 22:45 საათზე, საქართველოს პირველ არხზე
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია დღეს, 22:45 საათზე, საქართველოს პირველ არხზე

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გუნდი სტუმრად, ქალაქ სკოპიეში, მნიშვნელოვან და  პრინციპულ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფში 5-5 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ – ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში, 8 სექტემბერს ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი: „გუნდში კარგი ატმოსფეროა, თუმცა ესტონეთში ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დავგეგმეთ. ვიცით, ტალინში გამართულ მატჩში შეცდომა სად დავუშვით – მათ შორის, ჩემს თავსაც ვგულისხმობ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მივაღწიეთ ჩვენს მთავარ მიზანს – ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 14 ოქტომბერს გვაქვს მატჩი მეტოქესთან, რომელსაც „ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალში ვხვდებით და ეს მატჩი ფინალის გენერალური რეპეტიცია იქნება“. 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი: „ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველი ადგილის დაკავების კუთხით. მატჩისთვის ვემზადებით ორი დაცვითი სისტემით, შესაძლოა, სამი მცველი დავაყენოთ, შესაძლოა – ოთხი. მაქსიმალურად მზად ვართ, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსად, ჩვენც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა. ორივე დასუსტებული ვართ. ჩრდილოეთ მაკედონიას ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავს. მაგალითად, ესტონეთთან პანდევი მოედანზე სათადარიგოებიდან შევიდა და თამაშში ყველაფერი შეცვალა. მაკედონია შემოქმედებით ფეხბურთს აჩვენებს და ადვილი მატჩი არ გველის“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)