ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის მესაკუთრე - თბილისის მერია შეძლებს კორტების ტერიტორიის ურბანული თვალსაზრისით გამოყენებას
ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის მესაკუთრე - თბილისის მერია შეძლებს კორტების ტერიტორიის ურბანული თვალსაზრისით გამოყენებას

თბილისის მერია შეძლებს კორტების ტერიტორიის ურბანული თვალსაზრისით გამოყენებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის მესაკუთრის, ვენერა ალიშევას განცხადებაში, რომელსაც პირველ არხს მესაკუთრის მინდობილიმა პირიმა, ლაშა ჯამალაშვილმა მიაწოდა.

განცხადებაში ვენერა ალიშევა იხსენებს, რომ 2009 წლიდან ფლობს აღნიშნულ ტერიტორიას, ხოლო 2011 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა და შედეგად, ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია გზის ფართით.

ამასთან, ვენერა ალიშევა აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს აღნიშნული ფართის გადაცვლას ტოლფასი ღირებულების უძრავ ქონებაში.

„ვენერა ალიშევა 2009 წლიდან ფლობს აღნიშნულ ტერიტორიას. მესაკუთრის მიერ ნაკვეთის შეძენის მომენტში მას უკვე ჰქონდა საცხოვრებელი ზონის სტატუსი და ბუნებრივია გეგმავდა მისი ამ ფუნქციით განვითარებას. თუმცა აღნიშნულ მიწის ფართობზე, მესაკუთრესთან შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, 2011 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა და შედეგად, დღეის მდგომარეობით, ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია გზის ფართით.

აღნიშნულმა გარემოებამ ასევე გამოიწვია მიწის დაყოფა მცირე ნაკვეთებად (რომელთაგან ერთ-ერთზე მდებარეობს ჩოგბურთის მოედნები) და შედეგად შემცირდა მიწის ფართობის ლიკვიდურობა, რითაც ქონების მესაკუთრეს მიადგა სოლიდური მატერიალური ზიანი. ამ ფაქტის თაობაზე დაზარალებულმა მესაკუთრემ ვენერა ალიშევამ მრავალჯერ მიმართა თბილისის მერიას სათანადო რეაგირებისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თხოვნით, თუმცა ქალაქის წინამორბედ ხელმძღვანელებს ამაზე ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

მიყენებული ზიანის კომპენსაციის დავის პარალელურად დაზარალებული ინვესტორი აქტიურად განაგრძობდა განვითარებისთვის ვარგისი, დარჩენილი ტერიტორიის (ჩოგბურთი მოედნების) განვითარების გეგმაზე მუშაობას, რაზეც არაერთხელ შემუშავდა სხვადასხვა კონცეფციის არქიტექტურული პროექტი, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ არც ერთი მათგანის შეთანხმება არ მოხდა. ბოლო პერიოდში მესაკუთრესა და თბილისის მერიას შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აღნიშნული პრობლემის მოგვარების თაობაზე. ორივე მხარე აცნობიერებს აღნიშნული ტერიტორიის მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს და ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს აღნიშნული ფართის გადაცვლას ტოლფასი ღირებულების უძრავ ქონებაში, სადაც მესაკუთრეს საშუალება მიეცემა, განახორციელოს დიდი ხნის წინ დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, ხოლო მუნიციპალიტეტი შეძლებს კორტების ტერიტორიის ურბანული თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურად განვითარების წინაპირობების შექმნას, რაც მისი სპორტული-სარეკრეაციო თვალსაზრისით განაშენიანებას და კეთილმოწყობას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა.