იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა
იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა

იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია, კონკრეტულად საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად ეს ადგილი იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი თბილისელი დადიოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2009 წელს უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც ის განაშენიანების მიზნით შეიძინა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშნებლობის მოწინააღმდეგეები არ ვართ, თუმცა არის ისეთი ადგილები და ლოკაციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის სპორტული მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები, პარკები და ა. შ. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია იქ რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება. სიახლე რაც არის, ეს მიწა, ე.წ. კორტები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს, ამიტომ ეს კონკრეტული ადგილი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე დავალება მისცა დედაქალაქის მთავრობის წევრებს, რომ ადგილზე სპორტული კომპლექსის მოწყობის პროექტი შეიმუშაონ.

„აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის დამუშავდეს პროექტი და მომავალ წელსვე დაიწყოს განხორციელება, სადაც იქნება, როგორც კორტები, ასევე შეიძლება საფეხბურთო მოედანი გაკეთდეს, პატარა სპორტული კომპლექსი გავაკეთოთ და მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ​ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ხშირი იყო კომუნიკაცია დეპუტატების მხრიდან. როგორც საკრებულოს ვატო შაქარიშვილი იყო ჩართული აქტიურად, ასევე ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტიდან. მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დადებითად არის გადაწყვეტილება მიღებული. კონკრეტული ფართი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და ჩვენ გავაკეთებთ სპორტულ კომპლექსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ქალაქში ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ურბანული კუთხით.

„ შეუძლებელია მათი ჩამოთვლა და არც მაქვს სურვილი, ყველა მთავრობის სხდომაზე მოვახვიო ეს თავს მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ ამიტომ ვართ ქალაქის სათავეში, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, სადაც თეორიული შანსი მაინც არსებობს გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის, ჩვენ ეს მოვახერხოთ. ამის ნათელი მაგალითია რესტორან „ოტიუმის“ წინ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო ნაკვეთი რეკრიაციულ ზონაში, რათა იქ გარკვეული მშენებლობები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს მშენებლობა გავაჩერეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.