ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პირადი გამორჩენით მოქმედებენ – ფოთის „კოლხეთი“ განცხადებას აქვეყნებს #1TVSPORT

15:00, 26.11.2023

ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში, ხობის „კოლხეთისა“ და საგარეჯოს „გარეჯის“ მატჩი (1:1) ერთი დღის დაგვიანებით გაიმართა. ამასთან დაკავშირებით მეორეადგილოსანი ფოთის „კოლხეთის“ (გათამაშების ლიდერს, „გარეჯს“ ორი ქულით ჩამორჩება) პრესსამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და უკმაყოფილება არ დამალა.

„ეროვნულ ლიგა 2-ის 34-ე ტური საინტერესო და ამავე დროს, გაუგებარი მოვლენებით აღმოჩნდა სავსე, რომელიც დიდი ალბათობით, ჩემპიონატის საბოლოო სატურნირო ცხრილზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

საეჭვო ვითარებაში გადაიდო ტურის უმნიშვნელოვანესი მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და საგარეჯოს „გარეჯს“ შორის. მიზეზად წვიმის გამო დაზიანებული მინდვრის საფარი დასახელდა, რაც რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს, რამეთუ მსგავს პირობებში ეროვნულ ჩემპიონატებში გუნდებს ბევრჯერ უთამაშიათ (ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითი წლევანდელი კოლხური დერბია).

ამიტომაც, მატჩის დირექტორის, დავით გოგოლაძისა და მთავარი არბიტრის, არსენ ნონიკაშვილის გადაწყვეტილებას უსამართლოდ და ფოთის „კოლხეთისადმი“ შეგნებულად ჩადენილ საწინააღმდეგო ქმედებად მივიჩნევთ.

აქვე 2021 წლის პლეი ოფის შეხვედრასაც გავიხსენებთ „რუსთავის“ წინააღმდეგ, სადაც უმეტესწილად ფოთის „კოლხეთი“ მსაჯის (ხერხაძის) არასწორი ქმედებების გამო დაისაჯა და ლიგა 2 ში დაბრუნება ვერ მოახერხა. „სპაერი“ – „კოლხეთის„ შეხვედრაში ადგილი ჰქონდა არბიტრების გამიზნულ ქმედებას ფოთელთა წინააღმდეგ, რაც 70-ე წუთზე მათ კარში თამაშგარიდან გატანილ გოლში გამოიხატა.

ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება ქვეყნის ისტორიულად პირველი გუნდის გამიზნულად დამუხრუჭება, რომლის შემოქმედები მარტო მატჩის დირექტორები და არბიტრები ვერ იქნებიან. გვაქვს ეჭვი, რომ მავანს ნაკლებად აინტერესებს ფოთში და ზოგადად, სამეგრელოში ფეხბურთის განვითარება, რაც გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის ფოთში ჩატარების უფლების ჩამორთმევაშიც გამოიხატა.

ყველასათვის ცნობილია, რომ გასული სეზონის დასაწყისში „კოლხეთში“ მოვიდა ინვესტორი, შეიკრა ფეხბურთელთა და ადმინისტრაციის ძლიერი გუნდი, რომელმაც წარმატებით იასპარეზა ლიგა 3-ში, პროგრესს ლიგა 2-შიც განაგრძობს და აქვს ამბიცია, დაუბრუნდეს ქართული ფეხბურთის ელიტას, რის განხორციელებაში, იმედია, ხელს არ შეუშლიან ქართული ფეხბურთის გარშემო „მოღვაწე“ პერსონები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ ქართული ფეხბურთის ინტერესებს – ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით მოქმედებენ“, – წერია ფოთის „კოლხეთის“ განცხადებაში.

მსგავსი