ჩხეტიანის შემდეგ ჰამზიჩიც - ბოსნიელმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT
ჩხეტიანის შემდეგ ჰამზიჩიც - ბოსნიელმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT

დინო ჰამზიჩმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა – 33 წლის ბოსნიელმა მეკარე ინსტაგრამზე დაემშვიდობა გუნდს, ქუთაისელ გულშემატკივრებს და მომავალში წარმატებები უსურვა.

ჰამზიჩი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და საჩხერეს „ჩიხურაში“ ჩაირიცხა, რომლის ღირსებასაც 2020 წლამდე იცავდა და მისი ფორმით 121 მატჩი ჩაატარა. 2016 წელს საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წლის 2 დეკემბერს „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ფინალში „ტორპედო“ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჰამზიჩი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

ჰამზიჩი ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წლის დასაწყისში გადავიდა. თავიდან გუნდის მთავარი მეკარე იყო და 18 მატჩი ითამაშა, მაგრამ შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა და დიდი ალბათობით, გუნდიდან წასვლაზე გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო.

დინო ჰამზიჩმა 2009 წელს ორი თამაში ჩაატარა ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიცია ჰქონდა, იყო კიდეც ეროვნული გუნდის კანდიდატი, მაგრამ მიწვევა ოცნებად დარჩა.