ჩილეში მასობრივი აქციების დასაშლელად პოლიციამ ჰაერში გაისროლა
ჩილეში მასობრივი აქციების დასაშლელად პოლიციამ ჰაერში გაისროლა

ჩილეში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს აქციის დასაშლელად პოლიციამ ჰაერში გაისროლა. ინციდენტი ქალაქ ვალპარაისოში მოხდა. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ცხოვრების მაღალ ხარჯებს აპროტესტებს.

მოსახლეობის ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ჯანდაცვის, განათლების და საპენსიო სისტემის ხარჯები არაადეკვატურია. „როიტერი“ წერს, რომ აქციების ფონზე მომრავლდა მაღაზიების ძარცვის და სავაჭრო ობიექტების დაწვის შემთხვევები.

სამართალდამცავებმა დემონსტრაციების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყანაში მოსახლეობის უკმაყოფილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია. ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში კომენდანტის საათი საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდე დაწესდა. ჩილეს რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძარცვის, ობიექტების დაწვისა და ძალადობრივი შეტაკებების გამო, კონტროლი შეიარაღებულ ძალებს გადაეცათ.