საჩხერის „ჩიხურა“ სეზონის განახლებისთვის მზადებას ივანწმინდას საფეხბურთო არენაზე განაგრძობს. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, „ჩიხურამ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა და ორივე გუნდის ყოფილი წევრია.
„საჩხერის „ჩიხურაში“ მეკარე გიორგი ბეგაშვილი დაბრუნდა. გიორგი ჩვენი გუნდის აღზრდილია და წლების განმავლობაში იცავდა „ჩიხურას“ კარს. ის ბოლოს გორის „დილას“ რიგებში ირიცხებოდა,“ – ვკითხულობთ საჩხერელთა გავრცელებულ ცნობაში.
გამოცდილი მეკარის გარდა, საჩხერელებმა თავდამსხმელიც დაიმატეს – საჩხერის „ჩიხურაში“ გიორგი ბუხაიძეც ითამაშებს – 27 წლის თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს მარტვილის „მერანის“ ღირსებას იცავდა.
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ არიან ის გუნდები, რომლებმაც საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვეს.