მაისში ცნობილი გახდა, რომ „ჩიხურადან“ წამყვან მოთამაშეთა ჯგუფი გაუშვეს, ახლა კი გუნდი კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა, – ინფორმაციას საჩხერელთა პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი შალიკაშვილმა, გიორგი ალიმბარაშვილმა და ლაშა აწყურელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვეს. მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.
საჩხერეს „ჩიხურა“ 2020 წლის სეზონის შედეგებით ეროვნული ლიგიდან ლიგა2-ში დაქვეითდა და იქაც ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა. 16 ტურის შემეგ გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, 5 ქულით ბოლო ადგილზეა და ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ „რუსთავს“ 10 ქულით ჩამორჩება.
ბოლო ტურებში საჩხერეს „ჩიხურადან“ წასული მოთამაშეების ნაცვლად ბევრი ფეხბურთელი ასაკობრივი გუნდიდან დააწინაურეს, რომელიც ვერცხლის ლიგაში პირველ ადგილზეა.