ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტი გამოკითხეს
ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტი გამოკითხეს

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტი თამარ ყულუმბეგაშვილი გამოკითხეს.

​თამარ ყულუმბეგაშვილმა პოლიციის საბურთალოს განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებს კითხვები მის მიერ გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ, დაინახა თუ არა ჩხუბის დაწყების მომენტი.

„ჩხუბის დაწყების მომენტი მე არ დამინახავს. ხალიჩის მეორე მხარეს იყო რეალურად ჩხუბი. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა იმ ჩხუბში. უსაფრთხოების მიზნით არ გადავსულვარ მეორე მხარეს, რადგან ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია. საპირისპირო მხრიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს, სანამ სიტუაცია ძალიან არ დაიძაბა და უსაფრთხოების მიზნით არ დავტოვეთ ტერიტორია. ფოტოს შესახებ სამართალდამცველებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ დავინახე სისხლიანი ზურაბ დათუნაშვილი და ამიტომ გადავიღე ეს კადრი“, – განაცხადა ​თამარ ყულუმბეგაშვილმა.

პირველი არხის სპორტული ფოტოკორესპონდენტის ინფორმაციით, მასთან ერთად, დაპირისპირების კიდევ რამდენიმე მონაწილე გამოკითხეს.

თამარ ყულუმბეგაშვილი იმ ფოტოს ავტორია, რომელზეც დაპირისპირებისას სისხლიანი ზურაბ დათუნაშვილი ჩანს.

შსს-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და თვითმხილველების გამოკითხვები გრძელდება. მათივე ცნობით, ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ სასამართლო წესით გამოიკითხებიან.

დატოვე კომენტარი